30 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ცხელების ცენტრები საქართველოში - კლინიკებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკური პერიოდის მოახლოების პარალელურად, რეგიონებში ცხელების ცენტრები გაიხსნა. ცხელების 7 ცენტრი მოეწყო სამეგრელოში. სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და სენაკში.

ობიექტს ამზადებენ მესტიის საავადმყოფოში. კლინიკებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.

ცხელების კიდევ ერთი ცენტრი ბათუმის მაცხოვრებლებს ხვალიდან მოემსახურება.

ამ დრომდე პაციენტები მხოლოდ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართავდნენ, ხვალიდან კი კლინიკა “მედემერჯენსიც”  მიიღებს პაციენტებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ კლინიკებს მოქალაქეები მიმართავენ,როგორც თვითდინებით, ასევე 112-ზე შესული შეტყობინებების და ონლაინკლინიკების რეკომენდაციით.

ორმაგ რეჟიმში მუშაობს ახალციხის საავადმყოფო - სამედიცინო ცენტრს, მრავალპროფილურთან ერთად ცხელების მიმართულება დაემატა. ცენტრში პაციენტების მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის მიხედვით ხდება.

მიმღებ განყოფილებაში სამი სპეციალური ზონაა გამოყოფილი, ახალციხის გარდა, სამცხე ჯავახეთში ცხელების ცენტრები. ახალქალაქში, ადიგენსა და ბორჯომში გაიხსნა.

ცხელების 3 ცენტრი მოქმედებს იმერეთში - ორიც შიდა ქართლში.
კოვიდ 19 -ის პიკური პერიოდის მოახლოების კვალდაკვალ ცხელების 4 ცენტრია გახსნილი კახეთის რეგიონში. სამედიცინო ცენტრები დღეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოინახულა.

რეგიონებში მოქმედ ცხელების ცენტრებში არსებულ მდგომარეობას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მეორე დღეა, ეცნობა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მედპერსონალის სპეცეკიპირების რეზერვების შევსების პრობლემაა.

ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საქართველოს რეგიონებში ამ დროისთვის ცხელების 21 ცენტრი მოქმედებს. ადგილზე მოქალაქეებს კორონავირუსზე პირველადი გამოკვლევა ჩაუტარდებათ. COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში კი, პაციენტებს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დღის ამბები