30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა წრე სამეგრელოში - ეპიდემიოლოგები რამდენიმე რეგიონს გამოკვეთილი კლასტერების გამო სწავლობენ

გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა წრე სამეგრელოში 32 წლის სპორტსმენის ვიზიტის შემდეგ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაირკვევა.

ჯერჯერობით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მკლავჭიდელთან კონტაქტში მყოფ მხოლოდ ერთ პირს აღენიშნება, მაგრამ კონტაქტების წრე საკმაოდ დიდია და პირების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, შესწავლილია 54 კავშირი. ცნობილია, რომ სპორტსმენი რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში 10 წელი არ იმყოფებოდა. ბოლო ორი კვირა კი სამეგრელოში გაატარა.

სოფელ ლიაში, ერთ-ერთ ოჯახს სპორტსმენი სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე, 28 მარტს სტუმრობდა. რამდენიმე დღეში მასპინძელი და ორი მეზობელი ოჯახი კარანტინში გადაიყვანეს. საკარანტინო ზონაშია სოფელ მიქალას რამდენიმე მკვიდრიც. კონტაქტები ეპიდემიოლოგებმა აღმოაჩინეს ზუგდიდსა და თბილისში. რამდენიმე ადამიანია იზოლირებული ჩხოროწყუს რაიონშიც. ვირუსით ინფიცირების ისტორია სომხეთს უკავშირდება, სადაც სპორტსმენის მამა იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება რუსთავში. აქ ე.წ "ეროვნული ბანკის" და "საკრებულოს" კლასტერია. სწორედ, ბანკის თანამშრომელია მეუღლის, შვილის და შვილიშვილის ინფიცირების წყარო. მან დღეს საზოგადოებას მიმართა.

რაც შეეხება შვილს, რომელიც რუსთავის საკრებულოს დეპუტატია,  ბოლო მონაცემებით, ურთიერთობა 72 ადამიანთან ჰქონდა. 27 მარტს ესწრებოდა საკრებულოს კომისიის სხდომას. მონაწილეობდა პირბადეების დარიგების საქველმოქმედო აქციაშიც. ამასთან, ირკვევა, რომ ოჯახმა "მაგთიკომის" ტექნიკური დახმარების სამსახურიც გამოიძახა. კომპანიის 3 თანამშრომელი იზოლირებულია.

ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია თერჯოლასა და ხარაგაულში, მაგრამ სიტუაცია წინა ორი შემთხვევის მსგავსად, საყურადღებოა. თერჯოლელი მამაკაცი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში მუშაობდა ორმხრივი პნევმონიით და მაღალი ტემპერატურით საჩხერის ჰოსპიტალში 30 მარტს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვირუსის დადასტურებამდე ორი დღით ადრე ის სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მომდევნო დილას ინფიცირებულის მამა ხარაგაულში წავიდა, სადაც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, 9 ოჯახს წიწილები მიჰყიდა და ღამე ნათესავთან გაათენა. ის ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. კოვიდ-19-ის სიმპტომები არ აქვს. ეპიდემიოლოგები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მასთან შეხებაში მყოფი პირების დადგენას ცდილობენ.

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრს დაუდასტურდა კორონავირუსი სომხეთში. ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია და მეზობელ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ორჯერ იმყოფებოდა. დიაგნოზიც ერევნის საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. კოვიდ-19-ის დადასტურებამდე მამაკაცი სოფელ მეჯვრისხევში არა ერთ ოჯახს სტუმრობდა.

ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი და სამეგრელო - ეს ის რეგიონებია, სადაც სპეციალისტები გამოკვეთილი კლასტერების გამო, სიტუაციას საგანგებოდ სწავლობენ.

დღის ამბები