58 000-ზე მეტი ინფიცირებულით და 3 700-მდე გარდაცვლილით ირანი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით მეშვიდე ადგილზეა. დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 2483 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 151.
ირანში კორონავირუსისგან 106 და 100 წლის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. ირანული მედიის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა ქალაქ ყუმის საავადმყოფოებში მოხდა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 11 აპრილიდან ქვეყანაში დაბალ რისკიანი ეკონომიკური აქტივობები გაგრძელდება. სატელევიზიო მიმართვის დროს ქვეყნის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა დაბალი რისკის მქონე აქტივობაში.
ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით "კოვიდ 19"-ით ინფიცირებულია მილიონ 218 ათასი ადამიანი, ვირუსმა თითქმის 66 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. "კოვიდ 19"-ის დამარცხება უკვე თითქმის 254 ათასმა ადამიანმა შეძლო.