30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ბორის ჯონსონის ორსულ საცოლეს კორონავირუსი დაუდგინდა, აზიური მედია კი უჰანში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს ავრცელებს

კორონავირუსის გავრცელების არეალი და დაინფიცირებულ პირთა რაოდენობა იზრდება. გამონაკლისი არც მსოფლიო ლიდერები და მათი ოჯახის წევრები არიან. ცოტა ხნის წინ, კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის საცოლეს, კერი საიმონს დაუდგინდა. 31 წლის ქალი უკვე 1 კვირაა თვითიზოლაციაშია, ბრიტანული მედიის ცნობით სწორედ ეს გახდა მიზეზი ბრიტანეთის პრემიერის ინფიცირების. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონის საცოლე ორსულადაა და ის ბავშვს ზაფხულში ელოდება.

აზიური მედია სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, უჰანელი ექიმები საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, ეპიდემიის შესაძლო ნიშნებზე ჩინეთის ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, თუმცა მედიკოსების განცხადებით, ეს განგაშის სიგნალი პეკინმა უგულვებელყო და ინფორმაციის გავრცელების რესურსი შეზღუდა. საბოლოდ კი, ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ, უჰანელი მედიკოსი გაუჩინარდა.

ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ 290 ათასს გადააჭარბა, ვირუსის გავრცელების ცხელ წერტილად კვლავ ნიუ-იორკი რჩება. შტატში გარდაცვლილია 2935 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 102 ათასს გადააჭარბა. ნიუ-იორკის გარდა, მძიმე ვითარებაა ნიუ-ჯერსიშიც. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ინფიცირებულთა მაჩვენებლის გაზრდის შემთხვევაში ნიუ-ჯერსი შესაძლოა ახალ ცხელ წერტილად იქცეს.

"ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთული დღეებია" - ამ სიტყვებით დაიწყო ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა საგანგებო მიმართვა და მოქალაქეებს ვითარების კიდევ უფრო გაუარესებისთვის მზადყოფნა ურჩია. მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდა. ქვეყანა ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიო რუქაზე მეორე ადგილზე რჩება. COVID-19-ით 12 ათასამდე ესპანელია დაღუპული.

იტალიაში ინფიცირების ახალი ფაქტების შემცირების მიუხედავად, ფატალური შემთხვევების კუთხით ქვეყანა კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 766 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი 2339-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა. საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 61%-ით გაიზარდა და 6507-ს მიაღწია. კორონავირუსით დაიღუპა 5 წლის ბავშვი დიდ ბრიტანეთში. პატარას თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა. ის ქვეყანაში ვირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლია. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ინდოეთში ახლად დაბადებულ ტყუპებს მშობლებმა სახელად კოვიდი და კორონა დაარქვეს. ტყუპების მშობლების თქმით, ეს სახელები მათ ყოველთვის შეახსენებს, თუ როგორი გამოწვევის წინაშე იდგა მთელი მსოფლიო. ქვეყანაში 1.3 მილიარდი ადამიანი კარანტინში იმყოფება. ინფიცირებულთა რიცხვი კი 3 ათას გადასცდა.

ავსტრალიაში მეცნიერები დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ COVID-19-ის განადგურება ფართო მოქმედების ანტიპარაზიტულ წამალს შეუძლია. მეცნიერებმა უჯრედებში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ პრეპარატი - ივერმექტინი შეუშვეს, რის შემდეგაც ვირუსმა გამრავლება 48 საათში შეწყვიტა. ეს წამალი წლებია პარაზიტების, მწერებისა და მუნის წინაღმდეგ გამოიყენება. ახლა მკვლევარები იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ გამოიყენონ აღნიშული პრეპარატი ადამიანებზე კორონავირუსთან საბრძოლველად.

მზარდია კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მეზობელ ქვეყნებში. სომხეთში ბოლო 24 საათში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 73-ით გაიზარდა და ქვეყანაში ინფიცირების 736 შემთხვევაა გამოვლენილი. ახალი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ოფიციალური ბაქო კი მთელი რეგიონის მასშტაბით უმკაცრეს კარანტინის ნორმებს აწესებს. აზერბაიჯანში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 443 შემთხვევა ფიქსირდება, რუსეთში კი კიდევ 4 ახალი ფატალური შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ქვეყანაში გარდაცვლილია 34 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულია 4149 პირი. უკრაინაში კი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა ათასს გადააჭარბა. შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მძიმე ვითარება თურქეთშია, რომელმაც ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების პირველ ათეულში გადაინაცვლა. ქვეყანას 20 921 ინფიცირებული და 425 გარდაცვლილი ჰყავს. ამ ფონზე ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 უმსხვილესი ქალაქის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, 20 წლამდე ასაკის ადამიანებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ, ნიღბის ტარება კი სავალდებულო ხდება.

კორონავირუსის პრევენციისთვის სხვადასხვა ზომებს იღებს სხვადასხვა სახელმწიფო. კუნძულ ჰავაიზე თვითიზოლაციის დამრღვევ პირს 5 ათასი დოლარით დააჯარიმებენ ან ერთი წლით პატიმრობას მიუსჯიან. აბუ დაბიში კი სპეციალურ აპლიკაციის შექმნაზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც პოლიცია კარატინში მყოფ პირებს გააკონტროლებს.

COVID-19 შეიძლება კატებიდანაც გავრცელდეს - ჩინელი მეცნიერების კვლევით კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი ქალაქ უხანში მცხოვრებ უსახლკარო კატების 15 %-ს დაუდგინდა. ეს კორონავირუსით კატების ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა, რამდენიმე დღის წინ ბელგიაში COVID-19 კატას თავისი პატრონისგან გადაედო. ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, კატებს ვირუსის გავრცელების უნარი გააჩნიათ, თუმცა ადამიანისგან განსხვავებით, ისინი ინფიცირების შემდეგ 100%-იანი მაჩვენებლით იღუპებიან.

 

 

დღის ამბები