30 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
მკლავჭიდელის სტუმრობა 4 ქალაქში - ქვეყანაში შესაძლოა COVID-19-ის ყველაზე დიდი, სპორტსმენის კლასტერი გაჩნდეს

"დარჩი სახლში" - ამ მოწოდების არ შესრულების გამო შესაძლოა ქვეყანაში ყველაზე დიდი კლასტერი გაჩნდეს. თბილისი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ეპიდემიოლოგები იმ სპორტსმენის კონტაქტებს იკვლევენ, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა.

მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა ახალგაზრდა მამაკაცი დედაქალაქსა და სამეგრელოს რეგიონში არაერთ ადგილას იმყოფებოდა. მოიარა რამდენიმე რაიონი და შეხება ჰქონდა ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებთან. მათ შორის, დაესწრო რამდენიმე სუფრას. ოჯახი წალენჯიხის სოფელ ლიადან, რომელსაც მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად სტუმრობდა, უკვე გადაყვანილია საკარანტინო ზონაში.

წალენჯიხის რაიონ სოფელ ლიაში ინფიცირებული 28 მარტს ჩავიდა. მას შემდეგ, რაც მკლავჭიდელს COVID-19 დაუდასტურდა, მასპინძელი ოჯახი და ორი მეზობელი კარანტინში გადაიყვანეს. ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მოუწიათ გადასვლა მეზობელი სოფლის მიქალას მკვიდრებსაც. სულ, სპორტსმენთან კომუნიკაციის გამო, წალენჯიხის რაიონის ორი სოფლიდან 15 ადამიანი მოექცა კარანტინში. ოჯახის მეზობლების ნაწილი "კურიერთან" ამბობს, რომ ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონიათ.

ზუგდიდიდან კარანტინში 8 ადამიანია გადაყვანილი. წალენჯიხის რაიონის გარდა, ინფიცირებულმა მკლავჭიდელმა სამეგრელოში - ზუგდიდის რაიონიც მოიარა. ის თბილისში რამდენიმე ოჯახსაც სტუმრობდა. სპორტსმენის კონტაქტების კონკრეტული რაოდენობა ზუსტდება, ეპიდემიოლოგები ყველა შესაძლო პირს იკვლევენ. თვითიზოლაციაშია ჩხოროწყუს რაიონში 4 ადამიანი. მათი ისტორიაც ინფიცირებულ სპორტსმენს უკავშირდება.

ქართველი სპორტსმენის ინფიცირების ისტორიის დეტალებს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ყვება. სოსო ჯაჭვლიანის თქმით, სპორტსმენის შემთხვევაში, კორონავირუსი მეზობელ სომხეთს უკავშირდება.

ამ დროისთვის, ინფიცირებული მკლავჭიდელი დედაქალაქში ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

სპორტსმენის გარდა კლინიკებში მკურნალობას განაგრძობენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. დღეს ცნობილი გახდა, რომ COVID-19 რუსთავის საკრებულოს წევრის შვილსაც დაუდასტურდა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ოჯახის წევრების კონტაქტები თითქმის იდენტიფიცირებულია. ამ დროის მონაცემებით, დეპუტატს კონტაქტი 72 ადამიანთან ჰქონდა. რუსთავის მერიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირების ფაქტიც. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვირუსი ექიმს მეუღლისგან გადაედო, რომელიც ბანკის საცავში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც კოლეგას COVID-19 დაუდასტურდა სასწრაფო დახმარების 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა. თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა იმ 11 ოჯახსაც, რომელთანაც ექიმი მორიგეობისას, 31 მარტს, იმყოფებოდა.

COVID-19 ახალი ფაქტები დადასტურდა ქუთაისსა და ბათუმში. ორივე შემთხვევაში კორონავირუსი კარანტინში მყოფ ადამიანებს დაუდგინა. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. თურქეთს უკავშირდება, 60 წლამდე ქალის ინფიცირებაც, რომელიც საქართველოში ერთი კვირის წინ სარფის გამშვები პუნქტით შემოვიდა.

COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით პაციენტების რაოდენობა 38 მდე გაიზრდა საუნივერსიტეტო კლინიკაში. ახალი ინფიცირებული 13 წლის მოზარდია. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 10 ინფიცირებული ჰყავს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას. ამ ეტაპზე COVID-19-ით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტია რესპუბლიკურ საავდმყოფოში. აქ ექიმები 43 მოქალაქეს აკვირდებიან. კორონავირუსის დიაგნოზით 38 პაციენტი რჩება ინფექციურ საავდმყოფოში. ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში, 4 მძიმე.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით საუბრობს. სოციალური დისტანცირება მთავარ ინსტრუმენტად რჩება.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსის 159 დადასტურებული შემთხვევაა. 31 მოქალაქემ ვირუსი დაამარცხა. გარდაცვალების გრაფაში კი დღეს ერთიანი ჩაიწერა.

დღის ამბები