30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
როგორ ებრძვის მსოფლიო ახალ ვირუსს - საქართველო ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად სახელდება

ზუსტად 96 დღე გავიდა, რაც ჩინეთის პროვინცია უჰანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც ჩინეთიდან ეპიცენტრმა ევროპასა და ამერიკაში გადმოინაცვლა, მთელმა მსოფლიომ ფიქრი დაიწყო იმაზე, თუ როგორ დაამარცხოს ვირუსი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იცის.

ვაქცინის შექმნამდე. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, კიდევ ბევრი დროა დარჩენილი. იქამდე პატარა, თუ დიდი ქვეყნები, განვითარებულები, თუ ზესახელწმიფოები, უხილავ მტერთან ბრძოლის მეთოდებს ყოველდღიურად სწავლობენ და ცდიან. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ თავდაპირველად მოსახლეობის იმუნიტეტის გამოცდა დაიწყო, ზოგიერთებს დააგვიანდათ და ახლა შეცდომებს აანალიზებენ. ქვეყნების ნაწილი კი, პანდემიის პირობებშიც ცდილობს ბალანსის დაცვას საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკონომიკურ კრიზისს შორის.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ პანდემიის საშიშროების პირობებში თანასწორები არ ვართ. ვირუსთან ბრძოლის ეტაპზე განმსაზღვრელია არა მარტო მთავრობის სტრატეგიები და ზომები, ასევე მოსახლეობის ტრადიციები და ჩვეულებები, რადგან ყოველივე ეს მნიშვნელოვან, გადამწყვეტ როლს ასრულებს კრიზისთან გამკლავების პროცესში.

გერმანია ერთ-ერთია, სადაც სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პანდემიას მზად დახვდა. ბოლო ერთი კვირაა სავალდებულო გახდა, რომ ყველა სასურსათო მაღაზიაში იყოს ბარიერი გამყიდველსა და მომხმარებელს შორის.

ჰიგიენის წესების დაცვა რომ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ვირუსის დასამარცხებლად, ამაზე მსოფლიო უკვე შეთანხმდა. თებერვლის ბოლოს, საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად საფრანგეთში შეიმჩნევა პრობლემები პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით. ყოველი 4 ფრანგიდან მხოლოდ 3 იცავს ყოველდღიური აბაზანის და სრული პირადი ჰიგიენის წესებს. ფრანგებისგან განსხვავებით, აღმოჩნდა, რომ მალაიზიის მოსახლეობის 76% ხელს უფრო ხშირად იბანს და პანდემიის საშიშროების შესახებაც უფრო მეტად არის ინფორმირებული. ხელის დაბანა, სხვა ჰიგიენური წესების დაცვასთან ერთად, უხილავ მტერთან ბრძოლის უმთავრეს იარაღად იქცა.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა კორონავირუსი რამდნიმე დღის წინ დაამარცხა. ამბობს, რომ ვირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და მოკლე დროში განსაკუთრებული მკურნალობის გარეშე განიკურნა. ნინო ქავთარაძე ყვება, რომ ქვეყანაში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და იმის გამო, რომ კლინიკური სიმპტომების გარეშე ვირუსის მატარებელი მოსახლეობის 25%-ია, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პირბადეების ტარების სავალდებულო რეკომენდაცია გასცა.

დიდი ბრიტანეთში, სადაც ვირუსს ქვეყნის პრემიერი ებრძვის, ეპიდემიის პიკს 10 დღეში ელოდებიან. ქუჩები დაცარიელებულია, კორპუსების სადარბაზეობში ხშირად შეხვდებით წესებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პანდემიის დროს მოქალაქეები. ბრიტანელებისთვისაც ბრძოლის გზა სოციალურ დისტანცირებაზე გადის.

ევროპისგან განსხვავებით, აზიაში პირბადეს განიხილავენ, როგორც არსებით ფაქტორს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სამსახურში, განსაკუთრებით კი სამხრეთ კორეაში. Le Figaro-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიის თანახმად, თებერვლიდან მოყოლებული ქვეყანაში ყველა ატარებს დამცავ ნიღაბს. სამხრეთ კორეა პანდემიასთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად იქცა. იტალიამ კი ვირუსით ინფიცირებულებითა და გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთსაც გადაუსწრო, უმძიმეს მაჩვენებლებს სპეციალისტების ხელისუფლების დაგვიანებულ ნაბიჯებს უკავშირებენ.

ცალკეული ქვეყნების მაგალითმა აჩვენა, რომ მთავრობების მხრიდან პანდემიის კრიზისის გათვლა და გაბედული ნაბიჯების გადადგმამ კორონავირუსის გავრცელების ტემპები და მასშტაბები მნიშვნელოვნად შეამცირა.

საქართველო არა ერთმა გამოცემამ კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად დაასახელა. ვრცელი სტატია მიუძღვნა საქარველოს მაგალითს "ფოქს ნიუსმა." გამოცემა წერს, რომ ქვეყნის მთავრობამ ქვეყანაში დროულად დაიწყო ადამინების სამედიცინო შემოწმება, შეაჩერა რეისები და დახურა სასწავლო დაწესებულებები. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ფატალური შემთხვევები აიცილა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკას - რომელიც შეფასებულია, როგორც განვითარებადი თავისუფალი ბაზარი - დიდი დარტყმა მიადგა. საქართველოს გარდა, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელია ისრაელში, ნორვეგიასა და ავსტრალიაში.

სამყარო იზოლაციაშია. არავინ იცის, როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ რიტმს, პროგნოზი სხვადასხვაგვარია. იქამდე კი სოციალური დისტანცია ვირუსთან ბრძოლის უმთავრეს იარაღად რჩება.

დღის ამბები