30 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
COVID-19-ის მართვაში აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთვება - რეგიონის მზადყოფნა პრემიერმა შეამოწმა

COVID-19-ის მართვაში აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთვება. 170 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება სრული სიმძლავრით დაახლოებით 10 დღეში ამუშავდება. პირველ ეტაპზე კი, გადაუდებელ დახმარების ნაწილში, მისი სრული აღჭურვა მოხდა.

საავადმყოფოს გადაეცა 9 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რაც მძიმე პაციენტების მკურნალობისთვის აუცილებელია. აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს პრემიერ- მინისტრმა დაათვალიერა და ვირუსის მართვის თვალსაზრისით მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა განმარტა.

აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას 4 დღეში დაიწყებს და პაციენტების პირველი ნაკადის მიღებას შეძლებს. პარალელურად კი, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება იმისთვის, რომ ინფიცირებულ ადამიანებთან უსაფრთხოდ მუშაობა შეძლონ.

მას შემდეგ რაც, ქვეყანა ვირუსის გავრცელების ფაზაში გადავიდა, პირველადი სამედიცინო ცენტრების მომზადება აუცილებელია გახდა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია რამდენიმე ე.წ ცხელების ცენტრი, რომელიც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პაციენტების დიაგნოსტიკის შემდეგ, მათი მკურნალობის ტაქტიკაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ცხელებიანი პაციენტების მისაღებად მზადყოფნაშია ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიც. კლინიკა სრულად აღჭურვილია ყველა აუცილებელი აპარატურით და ერთდროულად 50 პაციენტის მიღება შეუძლია.

საავადმყოფოებსა და ჰოსპიტლებს სამედიცინო აღჭურვილობით ადგილობრივი საწარმოები ამარაგებენ. მილიონი პირბადე უსასყიდლოდ - ბათუმში მდებარე "აჭარის ტექსტილის" საწარმომ სახელმწიფოს უკვე გადასცა.

მედიკამენტებთან ერთად, საზღვაო გადაზიდვებით შეუფერხებლად შემოდის ქვეყანაში სურსათის მარაგებიც. ბათუმის პორტში შემოსული გემების ეკიპაჟის წევრებთან ერთად მკაცრ კონტროლს და შემოწმებას გადის ტვირთიც.

დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრი აჭარის საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურის თქმით, COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა ყველასთვის სიგნალი უნდა იყოს და მუშაობის ტემპის გაძლიერებასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს ხარისხიც. ასევე, ვირუსთან ბრძოლამ ეკონომიკას მინიმალური ზიანი უნდა მიაყენოს.

მთავრობის მოწოდება რეგიონების ხელმძღვანელების მიმართ უცვლელია - მკაცრად მოხდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი.

დღის ამბები