30 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
წამყვანი ანალიტიკური ცენტრის ონლაინ პანელზე საქართველო COVID-19-თან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად წარადგინეს

საქართველო, როგორც საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში - ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის  საერთაშორისო ონლაინ პანელზე საქართველო  მიიწვიეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ონლაინ პანელზე COVID-19-ის  გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს.

პანელური დისკუსია სახელწოდებით „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში : პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“ შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების  სფეროში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული  პრობლემების და რეგიონული კოორდინაციის შესახებ  2 აპრილს მოეწყო.

საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე  საქართველო, როგორც განსაკუთრებული ქეისის მქონე ქვეყანა მიიწვიეს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული  წარმატებული ღონისძიებები გააცნო.

პანელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის,  ბოსტონის უნივერსიტეტის  საერთაშორისო მკვლევარები და  უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ.  პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

"საქართველო მობილიზებულია და მთავრობას აქვს მყარი  სტრატეგია, თუ როგორ შემცირდეს  ახალი კორონავირუსის გავრცელება. მოლოდინია  რომ დაინფიცირების ციფრები გაიზრდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მაქსიმალურად შეანელოს  ზრდის ტემპი. საქართველოს მთავრობა აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას  ახორციელებს იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი, მკაფიო ინფორმაცია თუ რა არის მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან COVID-19-თან ბრძოლაში საჭიროა ორმხრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას აქვს სტრატეგია რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა  და დაიცვას სოციალური დისტანციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის სამომავლო გავრცელების პრევენციისთვის,"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში  საერთაშორისო ონლაინპანელის მსვლელობისას მარიამ ქვრივიშვილმა უცხოელ წამყვან ექსპერტებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული  ღონისძიებების სრული სპექტრი  დეტალურად  გააცნო.  

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ვაშინგტონში 1946 წელს დაარსდა. ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც  საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე მუშაობენ.

დღის ამბები