30 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
უმუშევრობა და დაკეტილი ობიექტები - კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი უამრავი ადამიანი 

კორონავირუსმა კარი ბევრ ობიექტს დაახურინა. დაკეტილი ბიზნესების გამო სამსახურის გარეშე უამრავი ადამიანი დარჩა. ზოგი სამუდამოდ, ზოგი კი დროებით დაითხოვეს. შემოსავალი დაკარგეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. მათ შორის უმუშევრები აღმოჩნდნენ სილამაზის სალონის თანამშრომლები.

კრიზისი შეეხო ყველა ფენას და ყველა იმ სფეროს, რომლის ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. პრევენციის მიზნით და გლობალური გამოწვევის შესაფერხებლად დაიკეტა ყველა გასართობი ცენტრი და თავშეყრის ადგილები. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა საკვები ობიექტების ნაწილი. გაუქმდა ყველა ფესტივალი და კულტურული ღონისძიება. შემოსავლის გარეშე დარჩნენ მუსიკოსები.

რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და რამდენმა ვერ აიღო ხელფასი მარტში - ჯერჯერობით ზუსტი სტატისტიკა უცნობია. ზუსტ მონაცემებზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას. ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი ხელფასების ერთი მესამედი, რომელსაც ისინი შესაბამის ფონდში რიცხავენ, სწორედ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების დახმარებისკენ იქნება მიმართული. 

უმუშევრად დარჩენილების რაოდენობის დაზუსტებას ხელისუფლება აპრილის ბოლოს ვარაუდობს. ამ სტატისტიკაზეა დამოკიდებული, რა თანხა გამოიყოფა მათი კომპენსაციებისთვის. დეტალები ანტიკრიზისულ გეგმაში გაიწერება.

დღის ამბები