ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს პოსტკრიზისული ეკონომიკის გეგმის შემუშავება დაევალათ. საუბარია საკრედიტო-საგარანტიო სქემის მეშვეობით ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომ რთული ვითარების დასრულების შემდეგ სექტორს განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის და ბიზნესის სტიმულირების მორიგ გეგმაზე დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები, როგორც ბანკებთან, ასევე ბიზნესთან იმისთვის, რომ დახმარება მათი საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღონ. საკრედიტო-საგარანტიო სქემის შემუშავების ფარგლებში საუბარია, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ოდენობის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევაზე.
ეკონომიკის სტიმულირებას და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას მთავრობა იმპორტის ჩანაცვლებითაც გეგმავს. საუბარია შექმნილი რთული ვითარების ფონზე ადგილობრივი საწარმოების ამუშავებაზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია აგარის შაქრის ქარხნის ამუშავება, სადაც 500-მდე ადამიანი დასაქმდება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გაიხსნა სამედიცინო ნიღბების საწარმო და პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად, სააფთიაქო ქსელში უახლოეს დღეებში გამოჩნდება. დღესვე ნათია თურნავა სამედიცინო ხელთათმანებისა და კომბინიზონების მწარმოებელ კომპანიაში იმყოფებოდა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
კორონავირუსით ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის ფონზე, პრემიერმა დავალება მისცა ჯანდაცვის სამინისტროსაც და მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მკაცრი მონიტორინგი მოსთხოვა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია.
"კოვიდ-19"-ის გავრცელების წინააღმდეგ ამოქმედებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ სურსათის მარაგი ქვეყანაში არის და ყველა პროდუქტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის, პრობლემა არ არის არც ხორბალზე.
მოუწევს თუ არა მთავრობას გადაწყვეტილებების შეცვლა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება - ამაზე პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მკვეთრად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და რამდენად რთულ კრიზისში შევა ქვეყანა.