30 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრი კონტროლი დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა, ასევე დავალება მისცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, უახლოეს პერიოდში წარმოადგინონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა პოსტ-კრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად. 

მთავრობის მეთაურმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი დატვირთვა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს და ჰოსპიტალურ სექტორზე გადადის.

"დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე," -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა, ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.

"ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს," -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის სოლიდარობის აქტს, რომლის თანახმად "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი ხელფასის მესამედს სამი თვის განმავლობაში სპეციალურ ფონდში გადარიცხავს.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს, დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის და სოზარ სუბარს დაავალა, ანალოგიური სამუშაოები განხორციელდეს რეგიონულ ცენტრებშიც.

 

 

 

დღის ამბები