30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ჯანმოს საგანგაშო პროგნოზი - როგორ ებრძვის მსოფლიო COVID-19-ს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში მალე მილიონს მიაღწევს - საგანგაშო პროგნოზს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს.

ტედროს გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ უარესი სურათის თავიდან ასაცილებლად მედპერსონალი შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყოს.

დრამატულად იზრდება სიკვდილიანობისა და ინფიცირების სტატისტიკა შეერთებულ შტატებში. აქ ბოლო 24 საათში COVID-19-მა ათასზე მეტი ამერიკელი იმსხვერპლა. შტატებში საერთო ჯამში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 215 000-ს გადასცდა. პაციენტების სიმრავლის გამო ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. მეგაპოლისი შტატებში ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრად იქცა.

შტატების შემდეგ უმძიმესი სტატისტიკაა ევროპაში. ესპანეთში ფატალური შემთხვევების რაოდენობა 10 000 გადასცდა. ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი 110 000-ს აჭარბებს. ამ მონაცემებით, ესპანეთი იტალიის მაჩვენებელს მიუახლოვდა, სადაც ვირუსმა უკვე         13 000-ზე მეტი იტალიელი იმსხვერპლა. .საფრანგეთმა კი მსოფლიო რუკაზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. აქ COVID-19-ით 4 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

კორონოავირუსის პანდემიის გამო სულ უფრო გახშირდა ვირტუალური შეხვედრები. ბრიუსელში დღეს ნატო-ს მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა. ეს პირველი მინისტერიალია, რომელიც ფიზიკური დასწრების გარეშე, ტელეკონფერენციის მეშვეობით წარიმართა.

მსოფლიოში ინფიცირების მზარდი მონაცემების პარალელურად, სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. ავსტრალიელმა მეცნიერებმა 2 ვაქცინის ლაბორატორიული ტესტირება დაიწყეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვით, ტესტირება ცხოველებზე ჩატარდება. სატესტო ფაზა 3 თვეს მოიცავს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ წარმატების შემთხვევაში, ვაქცინა წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. ავსტრალიაში კორონავირუსს 5 137 ადამიანი ებრძვის.

დღეს კარანტინში ხელმეორედ გადაიყვანეს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი იზოლაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. ისრაელში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 6 360 ადამიანია.

პანდემიას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა მეთოდით ებრძვის. კარანტინის დარღვევის შემთხვევაში უკიდურეს ზომებს მიმართავს ფილიპინები. ქვეყნის პრეზიდენტმა სამართალდამცავებს საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნის ნება დართო. ჩინეთის ქალაქ შენჯენში კი, ვირუსის პრევენციის მიზნით, კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს.

 

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები