30 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
ონლაინვაჭრობის შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი - მთავრობამ დასაშვები პროდუქციის წრე მცირედით გაზარდა

ინტერნეტმაღაზიების ნაწილისათვის ონლაინგაყიდვა ჯერ კიდევ აკრძალულია. პირველ ეტაპზე, მთავრობამ ონლაინმომსახურების წრე მცირედით გაზარდა და მზა საკვების გარდა, მიტანის სერვისი უკვე სამედიცინო დანიშნულების ნივთებზეც ვრცელდება. კომპანიებს, გამოუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, უფლება აქვთ ოფისში 5 ადამიანი ამუშაონ.

მთავრობას აქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც პროდუქციის ინტერნეტგაყიდვის უფლებას ყველა კომპანია მიიღებს. ის თანამშრომლები, რომლებიც საწყობებში იმუშავებენ, უსაფრთხოების ზომების დასაცავად, შესაბამისი აღჭურვილობით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი. აღჭურვილი უნდა იყოს კურიერიც, რომელსაც პროდუქტი მომხმარებლისთვის სახლში მიაქვს.

კომპანიები, რომლებიც ინტერნეტგაყიდვებზე მუშაობდნენ, ამბობენ, რომ დადგენილი წესები მათთვის ბუნდოვანია. უფრო კონკრეტული მითითებების შემთხვევაში, მწარმოებლები მოთხოვნების შესრულებასა და ბაზარზე დაბრუნებას გეგმავენ.

ონლაინგაყიდვების პლატფორმა "ვენდუ", რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, 300-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს, შეზღუდვების გამო დღეისათვის მხოლოდ 7 სახის პროდუქციას ყიდის. კომპანიაში ამბობენ, რომ უსაფრთხოებისა და ოფისში მომუშავე ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს იცავენ. თუ მთავრობა გააფართოებს გასაყიდად დასაშვები პროდუქციის ჩამონათვალს, "ვენდუ" მიწოდებას დაიწყებს.

მოქალაქეებისთვის, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, ონლაინმაღაზიები სხვადასხვა პროდუქციის შეძენის ერთადერთი გზაა. "კურიერის" რესპონდენტები ამბობენ, რომ თუ დაწესებული აკრძალვა მალე არ მოიხსნება, მათ ბევრი პრობლემა შეექმნებათ.

მეწარმეები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, 15 000 ლარით დაჯარიმდებიან. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმეს საქმიანობის უფლება შეეზღუდება.

დღის ამბები