დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის ჩატარება დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე დაიწყო. მათ შორის არის, თელავის N4 საჯარო სკოლა, სადაც დისტანციურ სწავლებაზე 900 მოსწავლეა რეგისტრირებული.
აქტიურად ხდება ონლაინრესურსების გამოყენება გურიის რეგიონშიც.
"გაკვეთილებზე მასწავლებლები და მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობენ ჩართულები იყვნენ. პედაგოგები კი ცდილობენ გაკვეთილები რეალურ, სკოლაში ჩატარებულს ჰგავდეს. სწავლების პერიოდში, მასწავლებლები მოსწავლეებს გასართობ აქტივობებსაც სთავაზობენ," - აცხადებს ქალაქ თელავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი იმედაშვილი.
ერთ მასწავლებელს დღეში 3 ან 4 გაკვეთილის ჩატარება უწევს, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-40 წუთია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას განათლების მიღების პროცესი არ შეუწყდეს. ასევე, ყველა სკოლისათვის შემოსულია სადეზინფექციო საშუალებები, მზად ვართ იმისათვის, რომ თუ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები მოგვარდება, სკოლამ გამართულად იფუნქციონიროს" - განაცხადა გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.