ქართველი ემიგრანტების ნაწილი უკვე თბილისშია, ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნებას ისევ ელოდება.
"კურიერს" ის მოქალაქეები უკავშირდებიან, რომელთა ნაწილიც ბილეთს ვერ შოულობს. ნაწილი კი ავიარეისის დანიშვნას ითხოვს.
"ბოლო პერიოდში მაშინ, როდესაც სიტუაცია გაუარესდა 2 სპეცრეისი დანიშნეს, მაგრამ ბილეთის ყიდვა ვერ მოვასწარი. საელჩომ გვითხრა, რომ ბილეთებთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. გვითხრეს რომ შემდეგი რეისი 10 აპრილს დაინიშნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეისი გაუქმდა,"- აცხადებს პარიზში მყოფი ქართველი, მარიამ უგრელიძე.
მალტის რესპუბლიკაში ჩარჩენილი ქართველი კი ამბობს, რომ იქ მყოფი ქართველები ყველანაირი რესურსის გარეშე არიან.
"ვიმყოფები მალტის რესპუბლიკაში, ამ კუნძულზე საქართველოს 92 მოქალაქეა ჩარჩენილი, ამიტომ საქართველოს მთავრობისგან უსწრაფეს რეაგირებას ვითხოვთ. ჩვენ ყველანაირი რესურსის გარეშე ვართ დარჩენილები და ხალხი ვერ ახერხებს საკვები პროდუქტებისა და პრეპარატების შეძენას.ამ ეტაპზე საიმედო პასუხს არავინ გვეუბნება,"- აცხადებს მალტაში მყოფი ქართველი, ელენე ცააძე.
საქართველო 18 მოქალაქეა ამ დრომდე იორდანიაში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზონაა, ქეყანაში კომენდანტის საათია და მოქალაქეებს, გარეთ გასვლა და ელემენტარული საშუალებების ყიდვა არ შეუძლიათ. ჩარჩენილი ქართველები ამბობენ, რომ თუ პრობლემა მალე არ მოგვარდება მათ ნაწილს ქუჩაში დარჩენა ემუქრება.
"როგორც საკონსულომ გვითხრა არანაირი რეისი არ იგეგმება ჯერჯერობით. დღეიდან აქ კომენდანტის საათი გამოცხადდა და ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში 1 წლიანი პატიმრობა გვემუქრება. ასევე, 4 აპრილს უნდა დავცალოთ საცხოვრებელი ბინა და არ ვიცით სად უნდა წავიდეთ. გთხოვთ დანიშნოთ რეისები და დაგვაბრუნოთ სამშობლოში," - ამბობს იორდანიაში მყოფი ქართველი, ლაშა ყიფშიძე.