30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში არიან, ერთ-ერთ დეპუტატს კი COVID-19- ზე ანალიზი გაუკეთდა

ეროვნული ბანკის კორონავირუსით დაინფიცირებული თანამშრომლების კონტაქტები იზრდება, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თვითიზოლაციაში არიან რუსთავის საკრებულოს წევრებიც. ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრია ეროვნული ბანკის ის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს. საკრებულოს ამ წევრს კი შეხება ჰქონდა კოლეგებთან და საკრებულოს ათეულობით თანამშრომელთან, როცა პირბადეების დარიგების აქციაში მონაწილეობდა.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, პირადად მას საკრებულოს აღნიშნულ წევრთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა იდენტიფიცირებული და გაფრთხილებულია ყველა კონტაქტში მყოფი პირი. ტაბაღუას თქმით, საკრებულოს წევრს კორონავირუსზე ანალიზი გაუკეთდა და ისინი პასუხის მოლოდინში არიან:

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე პირადად მასთან კონტაქტი და შეხება არ მქონია, ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე გუშინვე, დაახლოებით 11-ის ნახევრიდან დავიწყეთ იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. იდენტიფიცირებული ადამიანები გაფრთხილებულები არიან და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ველოდებით ამ პიროვნების ანალიზის პასუხს," - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

საკრებულოს წევრის, ალექსანდრე ბერიძის ინფორმაციით, საკრებულოს ბოლო სხდომას მინიმუმ 17 ადამიანი ესწრებოდა. თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევთ ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" იმ თანამშრომლებსაც, რომლებთან ერთადაც საკრებულოს აღნიშნული წევრი მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობდა.

დღის ამბები