30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
მოხსნილია აპარატურული სუნთქვიდან, აბსოლუტურად კონტაქტური და ადეკვატურია - ლევან რატიანი მარნეულელ პაციენტზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულელ პაციენტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, რამდენიმე საათში თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ, რადგან მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

"ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 69 პაციენტი. გვყავს 22 ინფიცირებული შემთხვევა. ყველაზე კრიტიკული პაციენტი იცით, რომ გადმოყვანილი იყო მარნეული-ბოლნისის წითელი ზონიდან. დადასტურებული COVID-19 ინფექციით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ასევე ანამნეზით სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, კორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, პაციენტი მოთავსებული იყო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ექიმების მიერ ფასდებოდა როგორც უკიდურესად მძიმე და ხაზს ვუსვამ- ტერმინალური, ვინაიდან პაციენტთან შემოყვანისას არ ისაზღვრებოდა მიკროცირკულაციის მოშლის გამო ოქსიგენაცია, ასევე იყო მკვეთრი არტერიული ჰიპოტენზია, ჰემოდინამიკის რღვევით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომაროება სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკითაა, მოხსნილია აპარატურული სუნთქვიდან, აბსოლუტურად კონტაქტური და ადეკვატურია, ალბათ რამდენიმე საათი დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და შემდეგ ჩამოვა თერაპიულ განყოფილებაში,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც მათ კლინიკაში მკურნალობს, სტაბილურად მძიმეა მაგრამ დადებითი დინამიკით.

ლევან რატიანმა ასევე კიდევ ერთი მარნეულელი პაციენტის შესახებ ისაუბრა, რომელიც კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი თქმით, 79 წლის ქალს აბსოლუტური კახექსია აქვს, ექიმების მიერ დადასტურებულია პნევმოთორაქსიც, მისი მდგომარეობა ამჟამადაც კრიტიკულია, თუმცა მართვადი.

კლინიკის დირექტორის თქმით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ახალშობილების მდგომარეობა დადებითია, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას. ასევე სტაბილურია 2 ორსული ქალის მდგომარეობაც.

დღის ამბები