30 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
აშშ-ში მძიმე დღეებს ელიან - მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება

შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობისა და ინფიცირების რეკორდული სტატისტიკაა - ბოლო 24 საათში ვირუსმა 865 ამერიკელი იმსხვერპლა. ქვეყნას უკვე 4 ათასზე მეტი დაღუპული ჰყავს , რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ფატალური შემთხვევების რაოდენობით უკვე ჩინეთს გაუსწრო. ამის მიუხედავად, აშშ-ში მძიმე დღეებს უახლოეს კვირებში ელოდებიან. თეთრ სახლში აცხადებენ რომ ამერიკაში კორონავირუსის პანდემიამ, შესაძლოა, 240 000-მდე ადამიანი იმსხვერპლოს ,მილიონობით კი დააინფიციროს.

რეკორდულად იზრდება მონაცემები ესპანეთშიც, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 7 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვალების 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. ქვეყანაში საერთო ჯამში 12 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული და ინფიცირების 105 ათასზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. ინფიცირებულთა შორისაა რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი ანჯელო დე დონატისი.

მონაცემები მატულობს საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ევროპის კონტინენტი პანდემიას, ფაქტობრივად, მოუმზადებელი შეხვდა. განსაკუთრებული კრიზისი კი სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირემ გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას თანხების მობილიზება ამ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს.

გაზრდილი სტატისტის გამო შეშფოთებულია გაერო. ორგანიზაციის გენერალური მდივანი პანდემიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებს.

კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით, ვირუსს თურქეთში სულ 214, რუსეთში 17, აზერბაიჯანში 5 და სომხეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა. სომხეთის ვიცე-პრემიერის ბრძანებით, ქვეყნის ტერიტორიაზე დღეიდან მოსახლეობის გადაადგილება მკაცრდება და სავალდებულო თვითიზოლაცია წესდება. კორონავირუსის საფრთხის გამო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა რუსეთის პრეზიდენტი.

კორონავირუსით კიდევ 3 ბერი დაინფიცირდა ათონის მთაზე. ისინი ინგლისში იმ ბერთან ერთად მოგზაურობდნენ , რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა ვირუსი. ათონის მთა ვიზიტორებისთვის ერთი კვირის წინ კორონავირუსის პანდემიის გამო დაიკეტა.პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესება იგეგმება იერუსალიმში, აღდგომის კვირაში, ღვთისმსახურების ცერემონიებზე. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მხოლოდ 10-დან 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება.

ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა . ყველა შემთხვევა, გარდა ერთისა, იმპორტირებულია. ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად უბრუნდება.

დღის ამბები