30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
იქმნება მობილურის აპლიკაცია, რომელიც ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგვატყობინებს - დღეიდან კორონავირუსზე უფრო მეტ ადამიანს ამოწმებენ

დღეიდან კორონავირუსზე გამოიკვლევენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვირუსის სიმპტომები აქვს, თუმცა კონტაქტი არ ჰქონია ინფიცირებულთან და არც მოგზაურობის ისტორია აქვს. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საეჭვო პირთა წრე გაიზარდა. ახალი ალგორითმით, ცხელების კლინიკებში 3 კატეგორიის პაციენტებს გასინჯავენ. ასევე, გამოიკვლევენ სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში და ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში მუშაობს.

ახალი ალგორითმით, ამ სამი კატეგორიის პაციენტებს 3 სახეობის ტესტების საშუალებით გამოიკვლევენ. ნაწილს PCR ტექნოლოგიით, ნაწილს კი - სწრაფი ტესტებით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი არის. უკვე შემოსულია ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი. უმოკლეს ვადაში ქვეყანაში დამატებით კიდევ 2 000 სადიაგნოსტიკო საშუალება შემოვა, რომლის პასუხსაც ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმება არ სჭირდება.

ახალი ალგორითმის საფუძველზე იქმნება ცხელების ცენტრებიც. სწორედ ამ კლინიკებს გადაეცემა სწრაფი ტესტები და ადგილზე თავად ექიმები გადაწყვეტენ, რა ტიპის ტესტით შეისწავლონ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი.

მთელი საქართველოს მასშტაბით დღეისთვის 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელიც ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით მიმართვებს მოემსახურება. პერსონალის გადამზადება უკვე დაიწყო. საეჭვო პაციენტებს, რომლებიც ცხელების კლინიკას მიაკითხავენ, ტესტის გაკეთების შემდეგ 24 საათის განმავლობაში დატოვებენ და დააკვირდებიან. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი თბილისის ზღვის ჰოსპიტალია, რომელშიც ამ დროისთვის 97 ადგილია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ალგორითმის შეცვლა აუცილებელი იყო ,რადგან გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და უკვე დაწყებულია შიდა გადაცემის პროცესი. ე.წ. ცხელების ცენტრებით კი ინფექციის კონტროლის შესაძლებლობა გაადვილდება.

PCR ტესტით, ანუ ოქროს სტანდარტით კვლევების ჩატარება ლუგარის გარდა კიდევ 7 ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. იმუშავებს 25-მდე ქოლცენტრი, აქედან 15 თბილისში, დანარჩენი რეგიონებში. პაციენტები პირველადი კონსულტაციის გავლას ექიმებთან სწორედ ამ გზით შეძლებენ. მალე, შესაძლოა, საქართველოშიც შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვირუსისგან თავის დაცვა, ქართული მხარე მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის დანერგვაზე მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულთან სიახლოვეზე მიაწვდის ინფორმაციას.

დღის ამბები