სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ამ დროისთვის, 16 ბლოკ-პოსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრი შემოწმების შედეგად ხდება. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს, რომლიც მუნიციპალიტეტში შედის. კონტროლი გამკაცრებულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდეც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყება.
დადგენილი შეზღუდვების და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები რეგულაციებს მაინც არ ემორჩილებიან. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს დილიდან ოზურგეთის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავენ გურიის აგრარულ ბაზარში, ათეულობით ადამიანი დგას ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების წინ.
ადგილზე იმყოფებიან მოხალისეთა ჯგუფები, ისინი, ვინც ადამიანებს დისტანციის დაცვას სთხოვენ. თუმცა აცხადებენ, რომ მათი მოწოდება არასაკმარისია და ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისვლის და კონტროლის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.
საგანგებო რეჟიმის რეგულაციების დარღვევაზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გომელაური დღეს ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და გორის რაიონში იმ დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ძალოვანი უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა.
მოქალაქეებს რეგულაციების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ აჭარასა და კახეთის რეგიონშიც, სადაც დილიდან ქუჩაში ხალხმრავლობაა, თუმცა ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით არ გამოვლენილა. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში საკვებით მუნიციპალიტეტი მოამარაგებს. ორივე რეგიონში მუშაობს დროებითი ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური შემოწმება უტარდებათ.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს. სამედიცინო პერსონალთან ერთად, დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებიან ძალოვანი უწყების დანაყოფები და სამხედრო ექიმებიც.