30 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
მოაგვარებს თუ არა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის პრობლემებს - გეგმის ნაწილი ცნობილია

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში მოსახლეობის ნაწილს კომუნალურ გადასახადებს დაუფინანსებენ. უხეში გამოთვლით, ელექტროენერგიის გადასახადს იმ მოქალაქეებს დაუფარავენ, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ 37 ლარს იხდიან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში, მაქსიმუმ, 92 ლარს იხდიან. რაც შეეხება რეგიონებს, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხებათ, თუ თვეში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია. ხოლო ბუნებივი აირის შემთხვევაში, 82-83 ლარის გადახდა უწევთ.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მხოლოდ ნაწილია. ამ შემთხვევაში, საუბარია სოციალურ დახმარებებსა და ეკონომიკის სტიმულირებაზე, რომლისთვისაც გამოყოფილია 2 მილიარდი ლარი. უკვე ცნობილია, რომ ამ თანხიდან ნაწილი დაიხარჯება მოქალაქეებისათვის კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე. რაც შეეხება ბიზნესს, დღეს მთავრობაში არ დაუკონკრეტებიათ, რა სახის დახმარებას მიიღებენ კორონავირუსით დაზარალებული სექტორები და, ასევე, ის ადამიანები, ვინც შექმნილი მდგომარეობის გამო უსამსახუროდ დარჩნენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ სხვა გეგმასაც წარადგენენ.

მთავრობას ბიუჯეტის გარკვეული მუხლების გადახედვა მოუწია. ცნობილი ხდება, რომ 2 მილიარდი ლარის მობილიზება მიმდინარე ხარჯების დაზოგვითა და 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტების შეჩერებით შეძლო.

მთავრობის გადაწყვეტილებას არასაკმარისად მიიჩნევენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კომუნალური გადასახადების დაფინანსება კარგია, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ნაჩქარევია. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ კომუნალური გადასახადების დაფინანსების დროს ოჯახების სულადობა გათვალისწინებული უნდა იყოს.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობაში აცხადებენ, რომ იგეგმება სხვა ტიპის შეღავათების შემოღებაც, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის. არ არის გამორიცხული, 2 მილიარდი ლარის გარდა, მთავრობას ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი დახმარების გაცემა მოუწიოს, რისთვისაც მზაობა ხელისუფლებაში უკვე არსებობს.

დღის ამბები