30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ბულგარეთიდან სამშობლოში საქართველოს 92 მოქალაქე უკვე გამოემგზავრა

ჩარტერული რეისით, რომელიც განახორციელა ავიაკომპანია "Myway Airlines-მა", ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში გამოემგზავრა საქართველოს 92 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე შეადგენდა 100 ევროს.

"ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

ეს არის ბულგარეთიდან ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებულად გამომგზავრების მე-2 ეტაპი (დაახლოებით 2 კვირის წინ 90-მდე მოქალაქე სახმელეთო გზით დაბრუნდა სამშობლოში). დღევანდელი რეისის შესრულებამდე, საქართველოს საელჩომ ბულგარეთში დახმარება აღმოუჩინა საქართველოს 100-მდე მოქალაქეს (თავშესაფრის უზრუნველყოფით, მედიკამენტებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით)," - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი ჩამოყვანა საქართველოში გრძელდება. ამ ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, სამშობლოში ჩამოყვანილ იქნა 4000-ზე მეტი მოქალაქე.

დღის ამბები