30 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
4 ათასზე მეტი დაღუპულით ამერიკამ ჩინეთს გაუსწრო - ტრამპი მოსახლეობას მოსალოდნელი მძიმე დღეების შესახებ აფრთხილებს

სიკვდილიანობისა და ინფიცირების რეკორდული სტატისტიკა შეერთებულ შტატებში - ბოლო 24 საათში ვირუსმა 865 ამერიკელი იმსხვერპლა. ქვეყნას უკვე 4 ათასზე მეტი დაღუპული ჰყავს. რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. ინფიცირებულთა შორის 1000-ზე მეტი პოლიციელია, შველას ითხოვენ მეზღვაურებიც, 4 ათასზე მეტი ადამიანი ერთ-ერთ ამერიკულ ავიმზიდზე იმყოფება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე მეზღვაურია. გემის კაპიტანი მთავრობას მეზღვაურების იზოლაციას სთხოვს. სიტუაციის კიდევ უფრო გართულებაზე საუბრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსს ამერიკაში შესაძლოა 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს.

"სულ ვეკითხები ექიმებს, რა მოხდებოდა, რომ არ დაგვეწესებინა მკაცრი წესები და იყო ჯგუფი, რომელიც ამბობდა, მოდი მივუშვათ ეს ყველაფერი თავის ნებაზე. ამ შემთხვევაში ყველაზე მცირე 1,6 მილიონი ამერიკელი დაიღუპებოდა, მაგრამ შეიძლება დაღუპულიყო 2,2 მილიონზე მეტიც კი. მომდევნო ორი კვირა ძალიან რთული და მტკივნეული იქნება. მინდა, რომ ყველა ამერიკელი მზად იყოს ამ რთული დღეებისთვის," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

გარდაცვალების 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. ქვეყანაში საერთო ჯამში 12 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული და ინფიცირების 105 ათასზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთში.მონაცემები მატულობს საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.გაეროს გენერალური მდივანი კი პანდემიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებს.

"კორონავირუსის კრიზისის სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა. ვირუსის გავრცელებას შედეგად მოჰყვება რეცესია, რომელიც წარსულში არასდროს გვინახავს.ახალი კორონავირუსი თავს ესხმის ადამიანებს სიცოცხლეს და მათ საარსებო წყაროს ართმევს. აუცილებელია დაუყოვნებელი და კოორდინირებული რეაგირება," - აღნიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერესმა.

კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით, ვირუსს თურქეთში სულ 214, რუსეთში 17, აზერბაიჯანში 5 და სომხეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა. სომხეთის ვიცეპრემიერის ბრძანებით, ქვეყნის ტერიტორიაზე დღეიდან მოსახლეობის გადაადგილება მკაცრდება და სავალდებულო თვითიზოლაცია წესდება

"მთავრობას კარგად ესმის თუ როგორი რთულია ასეთ პირობებში ცხოვრება, თუმცა შეზღუდვების დაწესებამ ძალიან ნ ბევრ ქვეყანაში შედეგი გამოიღო. მთვარობის გადაწყვეტილებით ,მომავალი 10 დღის განმავლობაში მკაცრი ზომები შენარჩუნდება. სახელმწიფოს ყველა რესურსი იქნება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყენებული," - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანიმ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, COVID-19 ათონის მთის მონასტერში კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა, ისინი ინგლისში,იმ ბერთან ერთად მოგზაურობდნენ , რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირებული ბერები თესალონიკის კლინიკაში გადაიყვანეს. ათონის მთა ვიზიტორებისთვის ერთი კვირის წინ კორონავირუსის პანდემიის გამო დაიკეტა.

კვლავ პოზიტიურია სტატისტიკა ჩინეთში. სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა შემთხვევა, გარდა ერთისა, იმპორტირებულია. ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად უბრუნდება.

დღის ამბები