30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
21:00-დან დილის 06:00 საათამდე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ - მაია ცქიტიშვილი

საგანგებო ვითარების გამკაცრების პირობებში არსებულ შეზღუდვებზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეტალურად ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო საშუალებით ქუჩებში გადაადგილების დასაშვებ დროებზე და დაწესებულ შეზღუდვებზე. 

"სატრანსპორტო შეზღუდვების ფარგლებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა არის გაჩერებული ხვალ დილის 08:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივია იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც იქნებიან დასაქმებული, როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე ყველა იმ სტრატეგიულ დარგში და საწარმოში, უნდა იყოს ორგანიზებული დამსაქმებლის მიერ ან თანამშრომელი იმოგზაურებს პირადი ავტომობილით ან ტაქსებით, რომელიც არის დაშვებული," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ე.წ. საკომენდანტო საათებში უწევთ გადაადგილება, სპეციალური საშვები გადაეცემათ.

"ჩვენ გვაქვს ორი რეჟიმი - პირველი არის, რომელიც შევა ძალაში დილის 08:00 საათიდან, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას, მაგრამ დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე არის ნებადართული პირადი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსებით მუშაობა. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში არის ნებადართული იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება უკვე ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს.

რაც შეეხება ე.წ. საკომენდანტო საათის პერიოდს, რომელიც იმოქმედებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ექნებათ სპეციალური საშვი," - განაცხადა მაია ცქიტიშვილი.  

დღის ამბები