30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
საკვირაო წირვა და მრევლის მიერ დაცული რეკომენდაციები - მსახურება აპარატურის საშუალებით ეკლესიის ეზოშიც ისმოდა

საკვირაო ღვთისმსახურებაზე მისულებს დილით ტაძრებსა და ეზოებში სპეციალური სანიშნეები დახვდათ, რაც მათ დისტანციის დაცვაში დაეხმარა, ილოცეს ერთად, თუმცა იდგნენ ცალ-ცალკე. კორონავირუსის პანდემიის გამო ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზიარების წესი არ შეცვალა, თუმცა ცვლილებები შეიტანა ღვთისმსახურებაში.

პატრიარქმა მრევლს ბოდბის მონასტრიდან მიმართა, სადაც მსახურება პროტოკოლის დაცვით შესრულდა. ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, მრევლი კი ლოცვას ეზოში ისმენდა. ილია მეორემ მოქალაქეებს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ განსაცდელი დროებითია.

დიდი მარხვის მეოთხე საკვირაო წირვა მკაცრი რეკომენდაციების დაცვით ქვეყანაში მოქმედ თითქმის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. დისტანციის დაცვა მკაცრად კონტროლდებოდა. მსახურება აპარატურის საშუალებით ეკლესიების ეზოშიც ისმოდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა და მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.

სიმრავლის მიუხედავად, ეკლესიაში მისულები რეკომენდაციებს იცავდნენ. ტაძარშიც და ეზოშიც ერთმანეთის მოშორებით იდგნენ. წინა კვირისგან განსხვავებით, უფრო მობილიზებულებიც იყვნენ, მრევლის თქმით, რეკომენდაციების იცავენ და სასულიერო პირების მოწოდებას ითვალისწინებენ.

დღეს ყველა ტაძარში მრევლი ერთი ბარძიმიდან ეზიარა, თუმცა შეიცვალა სიტკბოების მიღების წესი და შესაძლებელი იყო მისი ერთჯერადი ჭიქებით მიღება. შესაბამისი რეკომენდაცია წმინდა სინოდის სხდომაზე გაიცა. სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მღვდელმთავრები კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და მღვდელმსახურების წესის შეცვლის საკითხზე იმსჯელონ.

ამბიონებიდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა იქადაგეს. მეუფეები ამბობენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, ღვთისმსახურება უნდა გაგრძელდეს და ზიარების წესი შესრულდეს. ლოცვა ტაძარშიც რომ შეიძლება და მის მიღმაც, სასულიერო პირებმა მრევლს დღესაც შეახსენეს.

სააღდგომო დღესასწაულებისთვის ეპარქიებში მზადება უკვე დაწყებულია. კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს, სოციალური დისტანცირება კი, კვლავ მთავარ მოთხოვნად რჩება. ასევე ურჩევენ, რომ რისკჯგუფში მყოფებმა ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებმა ეკლესიაში მისვლისგან თავი შეიკავონ​.

დღის ამბები