30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
გამკაცრებული შეზღუდვები ზუგდიდსა და ფოთში - რატომ დადგა დღის წესრიგში დამატებითი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა

ზუგდიდის შესასვლელთან საპოლიციო ბლოგ-პოსტი უკვე აქტიურად მოქმედებს. ქალაქში შესვლის მსურველ ყველა პირს დღეიდან მოეთხოვება, რომ ავტომობილში მხოლოდ ორ თანმხლებ პირთან ერთად იჯდეს. ზუგდიდის მსგავსად სპეციალური საპოლიციო პუნქტები მოწყობილია ფოთშიც.

COVID-19-ის გავრცელების მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ადგილობრივები შეზღუდვებს მშვიდად შეხვდნენ. ამბობენ, რომ შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად, გამკაცრებული კონტროლი მოსახლეობის დასაცავად აუცილებელია.

COVID-19-ისგან გამოწვეული მომატებული საფრთხეების ასარიდებლად, ზუგდიდისა და ფოთის თითქმის ცარიელ ქუჩებში აქტიურად პატრულირებენ პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილია. ხვალიდან გარევაჭრობა აიკრძალება ზუგდიდის ბაზარშიც და საქმიანობის უფლება მხოლოდ სასურსათო დახლების მეპატრონეებს ექნებათ. საგანგებო მდგომარეობის წესების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირები კი, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის რისკჯგუფის შემცველ ტერიტორიებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას აქტიურად ამოწმებენ მედიკოსები. ექიმებმა დღეს სოფელ ზემო ეწერში, სადაც ვირუსის ერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, 160 ადამიანი გამოიკვლიეს. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის დასახმარებლად მზადაა მოხალისეთა სპეციალური ჯგუფიც.

დღეიდან ზუგდიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებსა და პენსიონერებს სურსათით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება. საკვები და პირველადი პროდუქტების დარიგების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა. თვითიზოლაციის წესების დასაცავად, მსგავსი ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბრობდნენ დღეს ბენეფიციარებიც.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებთან გასამკლავებლად ფოთში დღეს საკოორდინაციო ჯგუფის შეკრებაც გაიმართა. მხარის გუბერნატორის თქმით, ამიერიდან საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების დაცვა რეგიონში მკაცრად გაკონტროლდება. გიორგი მოწერილიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გამკაცრებული კონტროლი რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადებას არ ნიშნავს. ერთადერთი დამატებითი შეზღუდვა სამეგრელოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის დროებით აკრძალვაა. ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებს პრემიერის მრჩეველმა სპეციალურ ბრიფინგზე გააცნო.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებული ყველა შეზღუდვა რეგიონში მკაცრად გაკონტროლდება. დაწესებული აკრძალვების გაუქმება კი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ეპიდსიტუაციის ვითარებაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები