30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
მკვლელობაში კახეთში - 3 თვის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საზარელი მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დღეს დილით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, საჩხერის რაიონიდან კახეთში სტუმრად ჩასულმა 24 წლის კაცმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ჯერ 3 თვის ჩვილს მიაყენა, შემდეგ კი ცოლი იმავე იარაღით დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. სოფელ ვეჯინში ამბობენ, რომ დაჭრილი ქალი ქუჩაში გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ სამი თვის ჩვილის მკვლელობის და ცოლის დაჭრის შემდეგ, 24 წლის ივანე ნოზაძემ თვითდაზიანებები მიიყენა. 

მეუღლის მიერ, ცივი იარაღით დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული, მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული სავარაუდო ბრალდებული, 24 წლის ივანე ნოზაძეც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები