COVID-19-მა უკვე დაამტკიცა, რომ მისთვის არც სქესია მნიშვნელოვანი, არც ეროვნება და არც სოციალური საფეხურები. კორონავირუსის წინააღმდეგ ერთნაირად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ მსოფლიო მოქალაქეებიც და ისინიც, ვისაც მათზე ზრუნვა აკისრიათ - ქვეყნების ლიდერები. ვირუსმა უკვე შეაღწია ბუკინგემის სასახლეში, მსოფლიო პარლამენტებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციებსა თუ მთავრობის სახლებში.
ყველაზე ბოლო ვისმა ტესტმაც ვირუსზე პოზიტიური შედეგი აჩვენა, ბორის ჯონსონია - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. პრემიერმა და ლონდონის ყოფილი მერმა მოქალაქეებს თავადვე მოუყვა, რომ თავდაპირველად ხველამ და ტემპერატურამ დააეჭვა, თუმცა მის შემთხვევაში COVID-19-ის გამოვლინება საკმაოდ მსუბუქია. თანამდებობის დაკავებიდან მე-8 თვეს ჯონსონი მთავრობას სახლიდან უხელმძღვანელებს.
სულ ცოტა ხნის წინ, ბრიტანელებმა ისიც გაიგეს, რომ ვირუსი მსუბუქი ფორმებით, მაგრამ მაინც მოერია 71 წლის პრინც ჩარლზის იმუნიტეტს. სპიკერმა მაშინვე აღნიშნა, რომ პრინცი თავს კარგად გრძნობს, თუმცა უცნობი იყო ვინ იყო ინფიცირების წყარო. მოგვიანებით ეს მონაკოს პრინცს, ალბერტ II-ს დაბრალდა, რომელსაც ასევე აღმოაჩნდა COVID-19. გავრცელებული ინფორმაციით პრინცები ერთმანეთს მარტის დასაწყისში ლონდონში, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეხვდნენ. მოგვიანებით მონაკოელმა მონარქმა ფრანგულ რადიოსთან განმარტა, რომ ეს მხოლოდ სპეკულაცია იყო და ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრესთან ახლო კონტაქტი იმ დღეს საერთოდ არ ჰქონია.
კორონავირუსისგან მკურნალობენ ირანის ორ ვიცე-პრეზიდენტს. ჯაჰანგირთან ერთად ვირუსი მინისტრთა კაბინეტის 10-მდე წევრს და პარლამენტარებსაც მოერია, 2 მათგანი გარდაიცვალა კიდეც. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს კი კორონავირუსის სიმპტომები ჯერ კიდევ თებერვალში, პირდაპირ პრესკონფერენციაზე გამოუვლინდა, რაც მსოფლიოს მედიამ მალევე აიტაცა.
მე-6 დღეა რაც კარანტინში რჩება ანგელა მერკელი. გერმანიის კანცლერი იმ მედიკოსთან იყო კავშირში, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამ ვიდრე ეს ინფორმაცია გავრცელდებოდა, მედიაში გერმანელი პოლიტიკოსის ის ფოტოებიც გავრცელდა, სადაც ის ყოველგვარი პრევენციული ზომების, პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობდა. მერკელის სპიკერმა დღეს ტვიტერის გვერდზე კანცლერის აუდიო მიმართვა გაავრცელა.
კარანტინშია კანადის პრემიერიც, მას შემდეგ რაც მედიკოსებმა კორონავირუსი მის მეუღლე სოფის დაუდგინეს. თავად ტრუდოს სიმპტომები არ აღმოაჩნდა, თუმცა ქვეყნის მართვას თვითიზოლაციის რეჟიმში განაგრძობს. კორონავირუსი აქვს ესპანეთის პრემიერის მეუღლესაც.
კორონავირუსი როგორც მსოფლიო გამოწვევა ჯერ კიდევ მზარდ საფრთხეს წარმოადგენს. ერთადერთი კონტინენტი, სადაც ის ჯერ არ დაფიქსირებულა, ანტარქტიდაა.