30 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
COVID-19-ის წითელი ზონა საქართველოში - მარნეული და ბოლნისი მე-6 დღეა მკაცრ საკარანტინო პირობებში ცხოვრობს

მეექვსე დღეა 150 ათასზე მეტი ადამიანი წითელ ზონაში ცხოვრობს. ტერიტორიაზე მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს უშვებენ. მარნეულის შესასვლელთან მდებარე პუნქტის გადაკვეთა ნიშნავს, რომ ისინი ამ ზონას საკარანტინო სტატუსის მოხსნამდე ვეღარ დატოვებენ. ჩაკეტილ რეგიონში სპეციალური საშვით გადაადგილდებიან დისტრიბუციის ავტომობილები.

6 დღის მონაცემებით, თერმოსკრინინგი მარნეულისა და ბოლნისის 80 ათას მაცხოვრებელზე მეტს ჩაუტარდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ფორმით ვირუსის გავრცელების პრევენცია ხდება.

თერმოსკრინინგის პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქტიურად აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიასაც. ავტომობილებზე დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით, მოქალაქეები ინფორმაციას კორონავირუსზე 3 ენაზე იღებენ.

სასურსათო რეზერვების არსებობას ადასტურებს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარეც. ივა ჭყონია დღეს მარნეულის გამშვებ პუნქტთან მდებარე ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა.

ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებზე კონტროლი გრძელდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების მიერ სპეციალურად მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო ექიმები ყველა შემსვლელ და გამომსვლელ პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

ორ მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების თერმოსკრინინგი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მედიკოსებმა 150 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმთელობის მდგომარეობა უნდა შეამოწმონ და საეჭვო სიმპტომების მქონე პირები საველე ჰოსპიტალში გადაიყვანონ. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში იგზავნება.

დღის ამბები