30 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
გადავსებული მორგები, საავადმყოფოები და რომის პაპი ცარიელ მოედანზე - COVID-19-ის დრამატული სტატისტიკა მსოფლიოში

დრამატულად გაზრდილი ფატალური შემთხვევები და ეკლესიები, სადაც სასულიერო პირები უკვე ვეღარ ასწრებენ კორონავირუსით დაღუპულებისთვის წესის აგებას. იტალია სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიო რუქაზე პირველ ადგილზე რჩება. ბოლო 24 საათში იქ ვირუსმა 919 ადამიანი იმსხვერპლა. ინფექციის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ით თითქმის 10 ათასამდე იტალიელია დაღუპული, მათ შორის 51 მედიკოსია. მიუხედავად საგანგაშო სურათისა ქვეყნაში აცხადებენ, რომ კრიზისული პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.

რომის პაპი ცარიელ მოედანზე - იტალიის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. წმინდა პეტრეს ტაძართან, სადაც ტრადიციულად თავს ათასობით ადამიანი იყრის, კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა ლოცვა მარტომ აღავლინა. 

რომის პაპის გარდა დღეს სოლიდარობისკენ ერთმანეთს ევროპელმა ლიდერებმაც მოუწოდეს. იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტები აცხადებენ, რომ ახლა ძალა ერთობაშია და ეგოიზმი გვერდზე უნდა გადადონ. ამ დროისთვის საფრანგეთში COVID-19 ით 33 ათასი, გერმანიაში 54 ათასამდე, ესპანეთში კი ვირუსს 72 ათასი პაციენტი ებრძვის. გაზრდილი სიკვდილიანობის გამო ქვეყნაში გადავსებულია მორგები, საავადმყოფოები და მოხუცთა თავშესაფრები. მადრიდის რეალმა შექმნილი კრიზისული ვითარების გამო სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი შემოწირულებებისა და სამედიცინო მარაგის შესანახად დათმო. 

რეკორდულად იზრდება ინფიცირებულთა სტატისტიკა შეერთებულ შტატებში. ამერიკა 100 ათასზე მეტი ინფიცირებული ადამიანით მსოფლიო რუქაზე პირველ ადგილზეა. ინფიცირებულთა შორისაა დემოკრატი კონგრესმენი ჯო კანინგემიც. შექმნილი მდგომარეობის გამო შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობაზე სერიოზული დეფიციტია, რის გამოც პრეზიდენტი ტრამპი კომპანიებისგან სავენტილაციო სისტემების დამზადებას ითხოვს.  

პრევენციულ ზომებს იღებს მექსიკა. ქვეყნის მთვარობის გადაწყვეტილებით, მეტრო სადგურებში სპეციალური კამერები დამონტაჟდება, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ტემპერატურას გაუზომავენ

მზარდია სტატისტიკა მეზობელ სახელმწიფოებში. მხოლოდ თურქეთში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5 ათასს გადასცდა. 1264-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში. სომხეთში კი COVID0-19-ით დაავადებულთა რიცხვმა თითქმის 400-ს მიაღწია.

კორონავირუსმა გამოწვევის წინაშე არამხოლოდ ჯანდაცვის არამედ ეკონომიკის სფეროც დააყენა. შექმნილი კრიზისის დასაძლევად მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდაზე შეღავათებს ითხოვენ.

კრიზისული ეტაპი გადალახა ჩინეთმა, სადაც ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შიდა გადადება ისევ არ დაფიქსირებულა. ვირუსი მხოლოდ სხვა ქვეყნიდან ჩასულ 47 პირს დაუდგინდა. 

 

დღის ამბები