30 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
მარნეულის და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ იძულებით იზოლაციაში დმანისიც მოექცა

რა ვითარებაა კარანტინის ზონის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში. "კურიერი" ბოლნისის მოსაზღვრე დმანისის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. პოლიციისა და ჯარის საგუშაგო დიდი დმანისისა და დმანისის ნაქალაქარის გზაგასაყარზეა განთავსებული და სადიზინფექციო საშუალებით დამუშავების შემდეგ იძულებით იზოლაციაში მყოფ დმანისის მუნიციპალიტეტში მხოლოდ სადისტრიბუციო და სხვადასხვა საჯარო სამსახურის მანქანებს უშვებენ.

დმანისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში შესვლის უფლება, ისიც სპეციალური სიების საშუალებით, დართეს სოფელ დიდი დმანისის მცხოვრებლებს. საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად საგუშაგოდან რამდენიმე კილომეტრში მხოლოდ მას შემდეგ შედიან, რაც მათ ვინაობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაადასტურებს.

დმანისელებს პროდუქტი ჯერ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეულ საქონელზე იძულებითი თვითიზოლაციის შემდეგ პრობლემები შეიქმნა, განსაკუთრებით ეს თამბაქოს ნაწარმს ეხება. ყველაზე მეტად ის ადარდებთ, რომ გვერდით სოფელში მყოფ საკუთარ ახლობლებს მხოლოდ იმიტომ ვერ ხედავენ, რომ ის სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

ამ დროისთვის გარდა პირბადეების დეფიციტისა განსაკუთრებული პრობლემა კორონავირუსს არ შეუქმნია თავად დმანისის მაცხოვრებლებისთვის, მოსახლეობა მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ ვირუსზე ინფორმაცია მიიღეს.

კორონავირუსმა საქართველო-სომხეთის დმანისის მონაკვეთზე საზღვარიც დაკეტა და ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები გუგუთელები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ პროდუქტების მიწოდება მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულ სოფელში პრობლემაა.

ბოლნისი და მარნეულის მუნიციპალიტეტებთან ერთად იძულებითი იზოლაციაში მყოფი დმანისის მუნიციპალიტეტი საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე იძულებულია COVID-19 ის პანდემიას გვერდი შემოვლითი გზებით აუაროს.

დღის ამბები