30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ქლორით საკვები პროდუქტების დამუშავება დაუშვებელია - როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები

საკარანტინო ზონად გამოცხადებულ მუნიციპალიტეტებში მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით მთელი საქართველო მარაგდება. მარნეულისა და ბოლნისის წითელ ზონად გამოცხადებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა პროდუქტის დამუშავების საკითხი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ საკარანტინო ზონიდან შემოტანილი პროდუქტი არანაირ რისკს არ შეიცავს. სპეციალისტები მოქალაქეებს ჰიგიენის ნორმების დაცვისა და ხილ-ბოსტნეულის კარგად გარეცხვის რეკომენდაციას აძლევენ არა მარტო კორონავირუსის გავრცელების, არამედ ნებისმიერ პერიოდში. თუმცა, ქლორის გამოყენებით სახლის პირობებში საკვები პროდუქტების დამუშავება დაუშვებელია.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ეფექტური მუშაობისათვის ექიმები აქცენტს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ პროდუქტებზე აკეთებენ. ენდოკრინოლოგები ამბობენ, რომ კვებასთან ერთად მნიშვნელოვანია ძილის, ფიზიკური დატვირთვის და სტრესის მართვა.

ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანი ამ დრომდე თვითიზოლაციაშია. ერთ სივრცეში მარტო ყოფნამ შესაძლოა კვებისადმი გაძლიერებული მიდრეკილება გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ, სასურველია კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა.

კორონავირუსის პანდემიისას მთავარი რეკომენდაცია სახლში ყოფნაა. მაგრამ, თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის სპეციალისტები სახლში შესვლის და სახლიდან გასვლის პროტოკოლის დაცვას გვირჩევენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებით კარგად გაწმინდონ ისეთი ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ეხებიან. კედლები, კარები, სახელურები, საჭე, ფანჯრები, აბაზანის ზედაპირები.

სახლის პირობებში სრული დეზინფექცია შეუძლებელია, თუმცა კორონავირუსთან ბრძოლის ნებისმიერი აქტივობა ვირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს.

დღის ამბები