30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
კრიზისმა ასობით ქართველი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაკეტა - საგარეო უწყება გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის მიერ შექმნილმა მდგომარეობამ და საყოველთაო კრიზისმა ასობით ქართველი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაკეტა. ყოველდღიურად იზრდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ.

საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, კომენდანტის საათი გამოაცხადეს იორდანიაში, იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან დარჩენილნი. უსაფრთხოების მაღალი ზომების დაწესების შემდეგ, ამანში მცხოვრები 20-მდე ადამიანი ჩარტერული რეისის დანიშვნასა და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეწყვეტილი რეისების შემდეგ, ფრენის ბილეთები გაუუქმდათ ბერლინში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულები საკუთარი ძალებით სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. გერმანიიდან ჩარტერული ფრენის დანიშვნას სულ 400-მდე ქართველი ელოდება.

ვიდრე მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს, ტაილანდსა და მალტაში მყოფების ფინანსური მდგომარეობა უარესდება. სპეციალური რეისების დანიშვნას ელოდება და დახმარებას ითხოვს 100-ზე მეტი ადამიანი.

თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოსული სატვირთო ავტომობილებიც. 50-მდე ტრაილერი უკვე კვირაზე მეტია ბულგარეთის ქალაქ ვარნაშია გაჩერებული. სხვადასხვა ნივთითა და პროდუქტით დატვირთულები დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე ერთდროულად მუშაობს მთავრობის რამდენიმე უწყება. ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ქართულ კომპანიასთან სამომავლო სპეცრეისის ჩანიშვნის მოლაპარაკების პროცესშია. ამ დროისთვის კი ცნობილია შემდეგი 6 ფრენის შესრულების განრიგი.

ჩარტერული რეისების დანიშვნის პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. უწყება საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს თხოვნით მიმართავს, არ დათანხმდნენ კერძო პირების შეთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით დაგეგმონ.

თვენახევარში სამშობლოში 3500-მდე საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს. ყველა მგზავრი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გადის. საზღვარგარეთ დარჩენილები ცხოვრებას კვლავ მოლოდინის რეჟიმში და საქართველოში დაბრუნების იმედით აგრძელებენ.

დღის ამბები