30 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
მეოთხე დღე კარანტინში - რა ვითარებაა ჩაკეტილ მარნეულსა და ბოლნისში 

წითელ ზონაში მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მექანიზმების შესახებ ინფორმაციას სამ ენაზე იღებენ. ბოლნისსა და მარნეულში ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ სასურსათო მაღაზიები, თუმცა მომხმარებლებს რიგში ჩადგომა სოციალური დისტანციის დაცვით უწევთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოდიან.

დღის განმავლობაში კარანტინის ზონაში დისტრიბუციის ათეულობით ავტომობილი შევიდა. მარნეულსა და ბოლნისში პური, ხორცპროდუქტები და რძის პროდუქტები შეიტანეს.

ქვემო ქართლის რწმუნებული ამბობს, რომ სასურსათო და მედიკამენტების მარაგების მხრივ მუნიციპალიტეტებში პრობლემა არ არის. შოთა რეხვიაშვილის თქმით, ახლა მთავარი მოქალაქეების სკრინინგი და საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებზე დაკვირვებაა.

აკვირდებიან ყველას, ვინც წითელ ზონაში დარჩა. მედიკოსთა ჯგუფები მოქალაქეებს აკითხავენ სახლებში და ტემპერატურას უზომავენ. მოწმდებიან თავად ექიმებიც. მედიკოსებს, რომლებიც მარნეულში ინფიცირებულ 62 წლის ქალს მკურნალობდნენ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ვიდრე საეჭვო პაციენტს კლინიკაში გადაიყვანენ, ის სამედიცინო შემოწმებას საველე ჰოსპიტალში გადის. მარნეულის მერი თქმით, დღეს ჩატარებული 49 ანალიზიდან 5-ის პასუხს ისევ ელოდებიან, დანარჩენი კი უარყოფითია.

უსაფრთხოების მხრივ და იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს, მეორე დღეა, როგორც მარნეულში ასევე ბოლნისში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

მარნეულის შესასვლელში გუშინ გაბმულ მავთულხლართებს და ბეტონის კონსტრუქციებს დღეს კიდევ ერთი დაბრკოლება დაემატა, სიჩქარის შემაფერხებელი საგზაო ბარიერის სახით.

წითელ ზონაში თავდაცვის ძალების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სიტუაციას აკონტროლებს სამხედრო პოლიციაც. იმისთვის, რომ კარანტინის წესების დარღვევა არ მოხდეს, მკაცრად კონტროლდება შემოვლითი და მეორეხარისხოვანი გზები.

ორი მუნიციპალიტეტი უკვე მეოთხე დღეა საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული. როდის მოიხსნება მკაცრი კონტროლი მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებზე ეს ვირუსის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული.

დღის ამბები