30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ქართველების მასობრივი დაბრუნება - COVID-19-მა ემიგრანტები სამშობლოში დააბრუნა

ქართველები, ბოლო თვენახევრის განმავლობაში სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. ვენა-თბილისის რეისი თბილისში ზუსტად 16:30 საათზე დაეშვა. მგზავრებმა პირველადი შემოწმება ჯერ კიდევ აეროპორტში გაიარეს, რის შემდეგაც სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონებში ავტობუსებით გადაიყვანეს.

საქართველოს ავიახაზები მომდევნო 2 კვირის განმავლობაში კიდევ რამდენიმე რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ისე საელჩოების ვებ-გვერდზეა განთავსებული. 

მოლაპარაკებები "აირზენასა" და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სამომავლო რეისებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს. მანამდე კი დახმარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამ დრომდე ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის არის საფრანგეთში სამკურნალოდ ჩასული ოჯახი, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებული მძიმე მდგომარეობის გამო ექიმები სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ.

ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ ბულგარეთში მყოფი ქართველები. ამბობენ, რომ რამდენიმე მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, მაგრამ საავადმყოფომ მათ მიღებაზე უარი განაცხადა. პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების ნაკლებობა გერმანიაში აქვთ იმ ქართველებს, ვინც კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩა.

დღითიდღე რთულდება მდგომარეობა ტაილანდში. აქ 20-მდე ქართველი ითხოვს შველას. მათი თქმით, მოქმედებს კომენდანტის საათი, შეზღუდულია გადაადგილება.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად მთავრობის მხრიდან უფრო აქტიურ მუშაობას ითხოვს ნინო ბურჯანაძე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რეისები ეტაპობრივად, რამდენიმედღიანი ინტერვალით შესრულდება. რათა მოხდეს სხვადასხვა ქალაქში მყოფი ემიგრანტების მობილიზება - სამშობლოში, კი მათ დასახვედრად შესაბამისი საკარანტინო პირობების უზრუნველყოფა. დღესვე გახდა ცნობილი, რომ შესრულდება დამატებითი რეისები პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში სამშობლოში 3500-მდე ადამიანი დაბრუნდა. 

დღის ამბები