30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
პრეკრიტიკული ფაზიდან კრიტიკულ ფაზაში - საქართველოში ეპიდაფეთქების სისწრაფეს თითოეული მოქალაქის ქმედება განსაზღვრავს

ქვეყანა მალე დაავადების გავრცელების კრიტიკულ ფაზაში შევა - ნებისმიერ შემთხვევაში სპეციალისტების სავარაუდო სცენარი ასეთია. ეპიდაფეთქების მასშტაბები და სისწრაფე თითოეული მოქალაქის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ჩინეთისა და ევროპული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეპიდსურათი პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დაახლოებით მეშვიდე კვირას მძიმდება, საქართველოში ეს პერიოდი აპრილის დასაწყისს ემთხვევა.

დარჩი სახლში - მოწოდება დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელი ხდება. სპეციალისტები დაახლოებით ათ დღეში ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელებას ელოდებიან. მთავარი ამოცანა ახლა უკვე ეპიდაფეთქების ტემპების მაქსიმალური შეჩერებაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად არიან, თუმცა თუკი შემთხვევები სწრაფად მოიმატებს, შესაძლოა არსებული კლინიკები არასაკმარისი აღმოჩნდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მივალთ თუ არა სიტუაციის მკვეთრად გართულებამდე, ეს დამოკიდებული იქნება საზოგადოების მზაობაზე, დაიცვას სოციალური დისტანცირება და ასევე დაიცავს თუ არა 8 000-მდე ადამიანი თვითიზოლაციისთვის დადგენილ წესებს. 

ქვეყანა უკვე ერთი კვირაა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს. გამოცხადდება თუ არა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი, ეს ვირუსის გავრცელების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდსიტუაცია გაუარესდება და დაავადების წყაროების იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდება, მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, მომდევნო ნაბიჯი საყოველთაო იზოლაცია იქნება. 

სპეციალური ღონისძიებების გატარება და რეკომენდაციების გათვალისწინება სპეციალისტების შეფასებით, ეპიდემიის პიკს მნიშვნელოვნად გადაავადებს, თუნდაც სექტემბრამდე. სანამ ვაქცინა შეიქმნება ან დადგინდება, რა გავლენა აქვს მაღალ ტემპერატურასა და კლიმატური პირობების შეცვლას ვირუსზე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პიკამდე სიტუაცია არ უნდა მივიდეს. მათი თქმით, ქვეყნების გამოცდილება ასეთია- კორონავირუსის დადასტურებული 100 შემთხვევის დაფიქრების შემდეგ გავრცელება უფრო სწრაფი ტემპით იწყება.

კორონავირუსმა უკვე გააწითლა მთელი მსოფლიო. დასავლეთ ევროპა ეპიდაფეთქების ცენტრია, იტალიის შემდეგ მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ესპანეთი, დაღუპულია 3 000-მდე ადამიანი, ათასს უახლოვდება გარდაცვლილთა რიცხვი ამერიკაშიც - ასეთია მსოფლიო სტატისტიკა და ამავდროულად, ერთგვარი გამოცდილებაც - როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ათასებისთვის საშიშად იქცეს, ან პირიქით, ერთმა იზოლირებულმა პირმა, სოციალური დისტანცირებით, გადაარჩინოს მილიონები. 

დღის ამბები