ახალქალაქში რამდენიმე საათის წინ დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმეჯერ გაისროლეს. ადგილობრივები სავარაუდო მოტივად ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის არსებულ კონფლიქტს განიხილავენ. მათი თქმით, ეს დაპირისპირება უკვე წლებია გრძელდება და არაერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ენზელ მკოიანი სახლში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოტივზე საუბრისგან თავს იკავებს და მხოლოდ სსკ მუხლის დასახელებით შემოიფარგლება. უწყების ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით საქმე ჯგუფური ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლითაა აღძრული.
"ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან იყო გასროლა, ახლა ყველაფერი შემოსაზღვრულია, ჯერჯერობით უცნობია, რატომ მოხდა და ვინ ისროლა," - აცხადებს საინფორმაციო სააგენტო JNEWS-ის ჟურნალისტი ანი მინასიანი.