30 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
რა პრეპარატებს იყენებენ საქართველოსა და მსოფლიოში- COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლი დამტკიცდა

პირველი პაციენტი ქართველმა 26 წლის ექიმმა რეზი მეჭურჭლიშვილმა ირანში მოგზაურობის ისტორიით ერთი თვის წინ მიიღო და საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გაწერა. ზუსტად ამდენი ხანი გავიდა, რაც კოლეგებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. რეზი მეჭურჭლიშვილი ამბობს, რომ ახალი ვირუსის მკურნალობის მეთოდზე მაშინ ბევრი არაფერი იცოდნენ, თუმცა მაინც მომზადებულები დახვდნენ.

მას ბოქსირებულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებულებთან შესვლა თითქმის ყოველდღიურად უწევს. პაციენტებთან შედიან ერთხელ ან ორჯერ და მთელი დღის სამყოფ მედიკამენტებს უტოვებენ.

ექიმი ამბობს, რომ პირველი პაციენტის მკურნალობის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ჩინეთის გამოცდილება გაითვალისწინეს, რეკომენდებული მედიკამენტებიდან არჩევანი მალევე ანტიმალარიულ პრეპარატზე - პლაქვენილზე გააკეთეს, რომელმაც გაამართლა. ასე გამოაჯანმრთელეს 10 პაციენტი, რომელთაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდათ.

პლაქვენილი - ქინაქინად ცნობილი პრეპარატი, საქართველოში, მალარიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. თანამედროვე პრეპარატს შედარებით ფართო სპექტრი აქვს და ის რევმატიული დაავადებების დროსაც გამოიყენება. ექიმები ამბობენ, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. ამ დროისთვის სააფთიაქო ქსელში წამალი დეფიციტშია.

ვირუსთან ბრძოლის ქართული პროტოკოლი გუშინ დამტკიცდა, შესწავლის სტადიაში კი კიდევ 11-12 მედიკამენტია.

COVID 19-ის მკურნალობის პროცესში, ასევე შესაძლებელია გამოიყენონ 9 დასახელების მედიკამენტი, მათ შორის, რემდესივირი, რომელიც ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა.

მიუნხენის უნივერისტეტის ცენტრალურ კლინიკაში, ამ დროისთვის, 8 პაციენტი მკურნალობს. ქართველი ექიმი, გიორგი გრიგოლია მათ მდგომარეობას ყოველდღიურად აკვირდება. გერმანიაში შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია. კლინიკებში საშუალო სიმძიმის პაციენტებს ძირითადად, პლაქვენილით მკურნალობენ, მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფებს კი, პლაქველინისა და რემდესივირის კომბინაციით.

მსოფლიოში COVID 19-ის პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან დღემდე, 85 დღე გავიდა. ვირუსის მკურნალობის კონკრეტული პრეპარატი ჯერ არ არსებობს. ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელების ვარაუდით, ვაქცინაციის დაწყებამდე, მსოფლიოს სავარაუდოდ, მინიმუმ ერთწლიანი ლოდინი დასჭირდება. ვაქცინის შექმნამდე სოციალური დისტანცირება კი, სახიფათო ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად რჩება.

დღის ამბები