30 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
გერმანიასა და ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყვეს

კორონავირუსის გავრცელების გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გამომგზავრების შესაძლებლობას დროებით მოკლებული საქართველოს მოქალაქეები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საცხოვრებლით უზრუნველყვეს. 

მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.

გერმანიაში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის საცხოვრებლით, საკვებითა და  პირველადი მოხმარების საგნებით დახმარება. ასევე, საქართველოს საელჩოს დახმარებით,
კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ-ერთ მოქალაქეს ქართველი ექიმის შესაბამისი კონსულტაცია გაეწია.

საქართველოს მოქალაქეები ასევე უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი მოხმარების საგნებით ნიდერლანდებში საქართველოს საელჩომ. 

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის ხარჯებს საქართველოს საელჩოები საკუთარი სახსრებით ანაზღაურებენ.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება.

დღის ამბები