30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ექიმები ბრიტანეთის დედოფლის მდგომარეობას აკვირდებიან - COVID 19-ის გავლენა მსოფლიოზე

კორონავირუსით პრინც ჩარლზის ინფიცირების შემდეგ, ექიმები ახლა დედოფლის მდგომარეობას აკვირდებიან. 94 წლის ელისაბედ მეორე სასახლეშია. ირკვევა, რომ მას შვილთან შეხება ბოლოს 12 მარტს ჰქონდა. რაც შეეხება პრინცს, ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში საჯარო შეხვედრებს მართავდა, სადაც, სავარაუდოდ, ვირუსი გადაედო. 

ბოლო 24 საათში 700-ზე მეტი გარდაცვლილი და 69 ათასზე მეტი ინფიცირებული - ასეთია ბოლო მონაცემები იტალიიდან, სადაც თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების გაკონტროლება სამართალდამცველებმა დრონების მეშვეობით გადაწყვიტეს. მათ, ვინც დაწესებულ აკრძალვებს დაარღვევს, გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევს, რომელმაც ჯამში 135 ევრო შეადგინა.

დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კათოლიკე და მართლმადიდებლური კონფესიების წარმომადგენლებმა ერთობლივი ლოცვა "მამაო ჩვენო" აღავლინეს. ამ ინიციატივის შესახებ რომის პაპმა ჯერ კიდევ საკვირაო მიმართვისას ისაუბრა. ამ იდეას, როგორც ჩანს, ბევრი მიმდევარი აღმოაჩნდა. 27 მარტს პონტიფიკოსი ლოცვას კიდევ ერთხელ აღავლენს.

"დებო და ძმებო, დღეს ყველა ქრისტიანი ერთად ვლოცულობთ. ერთდროულად ვლოცულობთ სხვადასხვა ასაკის და ეროვნების ადამიანი. მოდით, უფალს შევავედროთ დაავადებული ადამიანების გამოჯანმრთელება. მინდობილი ვართ უფლის ნებას და ვლოცულობთ მის სახელზე, მთელი გულით,"- განაცხადა რომის პაპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას ერთის მხრივ არ აღიარებს, მაგრამ მის ანტიკრიზისულ გეგმას მხარდაჭერა აქვს. თეთრი სახლი და კონგრესი ეკონომიკის სტიმულაციისთვის 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. 250 მილიარდი ფიზიკურ პირებს ჩაერიცხებათ, ხოლო 350 მილიარდი - კრედიტის სახით მცირე ბიზნესისთვის გამოიყოფა, 250 - უმუშევრობის დაზღვევის შეღავათებისთვის და 500 მილიარდი პრობლემური კომპანიების კრედიტებისთვის გამოიყოფა.

დღე-ღამის განმავლობაში ირანში 143 ადამიანი გარდაიცვალა. თეირანში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, კორონავირუსს 1937 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულია თითქმის 25 000 ირანელი. ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარება ჩინეთმა, რუსეთმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გაუგზავნეს. ამასთან, დახმარების სურვილი გამოთქვა ამერიკამაც, თუმცა ოფიციალურმა თეირანმა შტატები უარით გაისტუმრა.

დღის ამბები