30 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
როდესაც პანიკური განწყობები ჩაივლის, ლარის კურსი დასტაბილურდება - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც პანიკური განწყობები ჩაივლის, ლარის კურსი დასტაბილურდება.

ნათია თურნავამ ოპოზიციის კრიტიკას ლარის კურსთან დაკავშირებით პოპულიზმი უწოდა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ 2008 წლის კრიზისთან გამკლავება დიდი საგარეო სესხის აღების ხარჯზე მოხდა:

"ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მძიმეა ყურება, რომ  ლარი, რომელიც ჩვენი კოორდინირებული მუშაობით წინა თვეებში ძალიან კარგად დავასტაბილურეთ, კორონავირუსთან ერთად და ამ გლობალურ გამოწვევასთან ერთად, მოხდა ლარის გაუფასურება. კორონავირუსი და ეს გლობალური გამოწვევა არ უნდა იყოს პოპულიზმის საფუძველი.  პოპულისტურია თქმა, რომ ლარის გაუფასურება არაა კავშირში კორონავირუსთან. 2008 წლის მაგალითი ვერ მოიყვანეს მაინცდამაინც კარგი მაგალითი. ამ კრიზისის გასანეიტრალებლად ჯადოსნური სტრატეგია კი არ მოუგონიათ, ეს იყო 4,5 მილიარდი საგარეო სესხის აღების ხარჯზე,"  - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ მსგავს კრიტიკას ოპოზიციისგან ვერ მიიღებს.

თურნავას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც მის კონტროლქვეშაა:

"რაც ჩვენ კონტროლქვეშაა და ვაკეთებთ, ეს არის რომ შევარბილოთ ნეგატიური ზემოქმედება ლარის კურსის დევალვაციის მოსახლეობაზე," - განაცხადა თურნავამ და განაცხადა, რომ მოსახლეობის ნეგატიური ზემოქმედებისგან დასაცავად გაკეთდა ის, რომ 9 პროდუქტზე ფასების გაზრდა დააზღვია. ამასთან, თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია ბანკებთან მიღწეული შეთანხმება სესხების რესტრუქტურიზაციაზეც.

"როდესაც პანიკური განწყობები ჩაივლის, ლარის კურსი დასტაბილურდება," - აღნიშნა თურნავამ.

დღის ამბები