30 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
5 კვირა პირველი ინფიცირებიდან - პოლიტიკოსთა ნაწილს მთავრობისგან მწყობრი კრიზისულ გეგმის მოლოდინი აქვს

პირველი ინფიცირებიდან მე-5 კვირას ქვეყანამ, ახალ რეალობაში გაიღვიძა. რისკი ახალ მასშტაბებს იძენს და სწორედ ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია მთავარი ბერკეტის გამოყენებაა - ახლა იგი საქართველოს თითოეული მოქალაქის ხელშია.

პასუხისმგებლობა ნომერ პირველ მოწოდებად რჩება პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომლებმაც კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით დღეს, თავიანთი არგუმენტებიც გააჟღერეს. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველო კრიზისის განვითარების საკითხში მსოფლიო ტენდენციებს 3-4 კვირით ჩამორჩება, რაც მზაობის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა ის, რომ ჩაკეტილი რეგიონები და დაპაუზებული ქვეყანა კრიზისის ახალ ეტაპს უკვე ეკონომიკაში შექმნის, ამაზე ყველა თანხმდება.

სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსთა ნაწილს მთავრობისგან მწყობრი კრიზისულ გეგმის მოლოდინი აქვთ, ამავდროულად კი სამუშაოების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების საკითხის გათვალისწინებაზეც მიუთითებენ.

პარტია "გირჩში" კი, სულაც არ ფიქრობენ, რომ ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება ჯანსაღია. იაგო ხვიჩია პროცესების სხვაგვარად დანახვასა და მოსალოდნელი ზარალის კარგად დათვლას გვთავაზობს. აქ არ ფიქრობენ, რომ "დარჩი სახლში" სწორი გზავნილია და ყველას მუშაობისკენ მოუწოდებენ, თუმცა სიფრთხილით.

ტესტებთან დაკავშირებით, აქტიურობს გიორგი ვაშაძე, რომელმაც დღეს COVID-19-ის დამდგენელი სწრაფი ტესტი თავადვე ჩაიტარა. მას ჯანდაცვის უწყებიდან უპასუხეს.

პარალელურად მმართველ გუნდში თავიანთ დაკვირვებებზე საუბრობენ, რაც ერთის მხრივ მოქალაქეების, მეორე მხრივ კი, ბიზნესის მხრიდან უპასუხისმგებლო მიდგომას გულისხმობს. ამ უკანასკნელებს მოუწოდებენ, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაგირების გამოცდა შეწყვიტონ. მოქალაქეებს კი, რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ აცნობენ.

ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რაც დღეს პოლიტიკურ წრეებში ჟღერდა ისაა, რომ მსოფლიოს თითოეული სახელმწიფო ახლა საკუთარ კორონას ებრძვის, სწორედ ამიტომ გაერთიანებული მსოფლიოს მიუხედავად, ქვეყანამ უნდა გაიაზროს, რომ მეტწილად საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული. ამ მძიმე მოცემულობაში კი, საკუთარი როლი მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ.

დღის ამბები