ათობით დაშავებული ადამიანი, დანგრეული სახლები და ეკლესიები, დაზიანებული ავტომანქანები - ხორვატია ერთდროულად კორონავირუსსა და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვის. 5.3 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6 საათსა და 30 წუთზე დაფიქსირდა, რასაც განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა. მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან მალევე მივიდა ქვეყნის პრემიერ - მინისტრი. კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო ზომების ფონზე ანდრეი პლენკოვიჩმა ქუჩებში გამოსულ ხორვატიელებს მომხდარი მიწისძვრის მიუხედავად ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ქვეყანაში ერთდროულად ორ კრიზისს ვებრძვით. ეს მიწისძვრა ბოლო 140 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იყო. ვეცდებით, ქუჩები ნანგრევებისგან მალევე გავასუფთაოთ. მიწისძვრის დროს ქცევის შესაბამისი წესები უნდა დავიცვათ, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო განსაკუთრებული სიფრთხლისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს" - განაცხადა პლენკოვიჩმა.
დამანგრეველ მიწისქვეშა ბიძგებს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა .ბავშვმა სახურავიდან გადმოვარდნისას მძიმე დაზიანებები მიიღო. მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეები მკურნალობას ამ დრომდე საავადმყოფოებში გადიან.
სტიქიამ დედაქალაქში არაერთი ეკლესია, მათ შორის ზაგრების ცნობილი საკათედრო ტაძარიც დააზიანა. მიწისძვრის შედეგად ტაძრის ერთ-ერთი კოშკი მთლიანად ჩამოიშალა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს იყო. მიწისქვეშა ბიძგებმა პრობლემები შექმნა დედალაქის ელექტრომომარაგებაში. სტიქიამ ზაგრების ზოგიერთ ტერიტორიაზე ხანძარიც გამოიწვია.
მიწისქვეშა ბიძგები ბოსნია-ჰერცეგოვინაში, უნგრეთში, სლოვენიასა და ავსტრიაშიც იგრძნობოდა.
დამანგრეველ მიწისძვრას რომის პაპიც გამოეხმაურა. პონტიფიკოსმა ხორვატიელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
სტიქიის ეპიცენტრში ამ დრომდე მუშაობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები. უწყების ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ დანგრეული შენობების ქვეშ, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი იყოს მოყოლილი.