30 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ბოლო 24 საათში იტალიაში 30 სასულიერო პირი დაიღუპა - კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში ბოლო 24 საათში, COVID 19-ით ინფიცირებულების რაოდენობა 12 ათასამდე გაიზარდა. ყველაზე მძიმე ვითარება ისევ იტალიაშია. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 793 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 30 სასულიერო პირია. ამ ფონზე ირკვევა, რომ იტალიაში კუბელი ექიმები ჩავლენ და კოლეგებს პროცესების მართვაში დაეხმარებიან.

განსხვავებულია ვითარება ჩინეთში. მეოთხე დღეა, ეპიდემიის აფეთქების ეპიცენტრში შიდა გავრცელების ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

სერბეთში კი დასახმარებლად ჩინელი მედიკოსები ჩავიდნენ. აეროპორტში მათ ქვეყნის პრეზიდენტი დახვდა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ქვეყანაში, ამ დროისთვის, კორონავირუსით 188 ადამიანია ინფიცირებული. დაფიქსირებულია გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ესპანეთში მთელს ევროპაში ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს. თუმცა, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაინფიცირების სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ დროისთვის, ვირუსით თითქმის 29 ათასი ადამიანია დაავადებული. COVID 19-ით 1900-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინფიცირების შემთხვევბით ესპანეთს გადაუსწრო. ქვეყნაში COVID 19 -ს თითქმის 27 ათასი ადამიანი ებრძვის. გარდაიცვალა 348 პაციენტი. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის გამო პენსი მეუღლესთან ერთად ტესტის ჩატარებას აპირებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ვატიკანიდან. რომის პაპი გამოდის ინიციატივით, რომ 25 მარტს ყველა ქრისტიანული თემის და კონფესიის წარმომადგენელმა შუადღის 12 საათზე წარმოთქვას ლოცვა "მამაო ჩვენო". ფრანცისკე ამბობს, რომ პანდემიას ერთიანი ლოცვით უნდა უპასუხონ. ლოცვას პონტიფიკოსი 27 მარტსაც შეასრულებს წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე.

დღის ამბები