მოქალაქეებმა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ცრუ შინაარსის შეტყობინებები 16 მარტს მიიღეს. ორი კომპანიის სერვისის გამოყენებით გაგზავნილი SMS-ების შინაარსი კორონავირუსს უკავშირდებოდა და მთავრობის სახელით იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეტყობინებები "ემ ეს ჯგუფის" სერვერიდან დაიგზავნა. კომპანიის დამფუძნებლები ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეები ამბობენ, რომ გზავნილის ავტორი კომპანიის ახლა უკვე ყოფილი თანამშრომელია. 25 წლის ქალმა 6 შეტყობინება ოჯახის წევრებს გაუგზავნა.
ძმები ბურჭულაძეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი ადვოკატი სუს-ს მოუწოდებს, ძმებს ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები დაუბრუნოს. მიხეილ რამიშვილი საქმეს კომპანიის დამფუძნებლების მამას - პაატა ბურჭულაძეს და მისი დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირებს
კიდევ ერთი კომპანია, რომლის სერვისის გამოყენებითაც ცრუ შეტყობინებები გაიგზავნა "ესემეს ოფისია". ამ შემთხვევაში საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს სახელით გაგზავნილ შეტყობინებაზე, სადაც ეწერა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო საკარანტინო ზონად გამოცხადდა. კომპანიაში კურიერს უთხრეს, რომ კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გააკეთებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ იყო. სუსში ამბობენ, რომ მოქალაქეებში გამოწვეული პანიკა ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ორ კომპანიაში, რომელთა სერვისითაც ცრუ შეტყობინებები გაიგზავნა, ჩხრეკა გუშინ ჩატარდა. ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა.
ცრუ შეტყობინებების გაგზავნის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟს გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პირს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.