30 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
პანიკის შემცველი ცრუ მესიჯები - სუს-ში პაატა ბურჭულაძის შვილები გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პაატა ბურჭულაძის შვილები გამოკითხეს. სამართალდამცავებს ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეებთან კითხვები პანიკის შემცველი ცრუ მესიჯების გაგზავნის საქმეზე ქონდათ. ბურჭულაძეების კომპანია "ირისში" საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა და კომპიუტერები ამოიღეს. ბურჭულაძეები ამბობენ, რომ SMS-ები მათმა უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ოჯახის წევრებს ხუმრობის მიზნით გაუგზავნა და კომპანიას ამ ფაქტთან კავშირი არ აქვს.

"უდიდესი ნაწილი ვისაუბრეთ იმ 6 SMS-ზე, რომლის გაგზავნაც მოხდა ჩვენი ყოფილი თანამშრომლის მხრიდან, თუ რა ინფორმაციას ვფლობდით ამ 6 SMS-ზე, დარჩენილი დიდი რაოდენობის SMS-ებზე რაზეც იყო საუბარი კითხვაც არ დასმულა ჩვენს მიმართ," - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

დადებითად აფასებს გამოკითხვის პროცესს შუქრი ბურჭულაძე:

"ძალიან ნორმალური საუბარი გვქონდა, ნორმალური გამოკითხვა იყო და მე კიდევ იმედი მაქვს, რომ გაირკვევა სიმართლე ძალიან მალე და ჩვენ დავუბრუნდებით ჩვეულ მუშაობის გრაფიკს," - აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

ბურჭულაძეების უფლებადამცველი სამართალდამცავი ორგანოსგან ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძის კუთვნილი ნივთების დაბრუნებას ითხოვს:

"მოვუწოდებ, რომ ყველაფერი ის ნივთები რაც მათ შპს-დან პირადად შუქრი ბურჭულაძისგან და ალექსანდრე ბურჭულაძისგან წაიღეს, სჯობს რომ დაბრუნდეს, იმიტომ რომ თუ ამდაგვარ ქმედებას არ განახორციელებენ, ეს პირდაპირ იქნება იმისი საფუძველი, რომ დიახაც, შეიძლება ამას ეწოდოს ის ცუდი დამოკიდებულება, რაც ახლავს ხელისუფლებას პაატა ბურჭულაძის ოჯახის მიმართ," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები