30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ქვეყანა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის - რა შეზღუდვები დაწესდა კორონავირუსის პრევენციის მიზნით

მსოფლიოში COVID 19-ის გავრცელების გამო და პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღეში საქართველო თითქმის სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება. საზღვრებზე შეზღუდვები უკვე ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვერ შეძლებენ, თუმცა, აკრძალვა არ ეხება სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - მათ ქვეყანაში სპეცრეისებით ჩამოიყვანენ.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პროდუქტებზე დეფიციტს, ამ ეტაპზე, არ უნდა ველოდოთ. ქვეყანაში ტვირთების შემოტანა არ შეფერხდება, რადგან საერთაშორისო გადაზიდვები არ შეზღუდულა.

განსაკუთრებული ზომების ამოქმედება ყველაზე მძაფრად იგრძნობა დედაქალაქში. ქუჩები დაცარიელდა. ადამიანები გარეთ გამოსვლას ერიდებიან. არ არის საცობები.

დღეიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. არავინ იცის, როდემდე დარჩება 1300-მდე ყვითელი მიკროავტობუსი სადგომზე უფუნქციოდ.

შეიცვალა თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები. მძღოლის სივრცესთან გამოჩნდა ამკრძალავი ლენტები. უსაფრთხოების მიზნით, ეს სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან. მგზავრები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან.

მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ეხება.

ქვეყანა ვირუსის გავრცელების ეტაპზე გადადის - ასე ახსნა შეზღუდვების ამოქმედება მთავრობის მეთაურმა

დაწესებული შეზღუდვები უკვე მხოლოდ რეკომენდაცია არ არის, ეს თითოეული ჩვენგანის აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულებაა. დარჩით სახლში!

დღის ამბები