ვისაც როგორ შეუძლია ისე ეხმარება მსოფლიოს - მაგალითად ფრანგულმა კონცერნმა, რომელიც კრისტიან დიორის, გერლენისა და ჟივენშის სუნამოებს უშვებს, ხელის სადეზინფექციო სითხის გამოშვება დაიწყო, რომელიც საფრანგეთის მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცემა.
კულტურა და ხელოვნებაც ადამიანებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას თავისებურად ცდილობენ. რეალობა ინტერნეტ სივრცეში გადადის. ყველაფერი არატრადიციულ მედიაში ინაცვლებს, რომელიც ალბათ უკვე ტრადიციული გახდება.
გზავნილი სამყაროს, რომელიც ახალი კორონავირუსის გამო ახალ რეალობაში აღმოჩნდა და ვიდეო გაკვეთილები მათთვის ვინც სახლში დარჩა.
ყოველდღე, ზუსტად 8 საათზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვითიზოლაცია ნაყოფიერი და შემოქმედებითი გახადოს.
სოციალურ ქსელში ფეისბუქგვერდი "არტიდეპრესანტი" შეიქმნა. სივრცე, სადაც მუსიკოსები ერთიანდებიან და საკუთარ შემოქმედებას მილიონობით აუდიტორიას უზიარებენ. ასე დაიგეგმა ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილის და ჯგუფ "ნიუტონის" მუსიკალური წარმოდგენა, რომელიც ლაივსტრიმინგით გადაიცემოდა და იქ მოხვედრა, სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ახალი კორონავირუსის ჟამიანობის დროს მთელს მსოფლიოში, კულტურული ღონისძიებები გაუქმებულია. ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე მუზეუმები და გალერეები ცდილობენ ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიტანონ. სამყარო ახლა არატრადიციული მედიის ხელშია და ისიც მისი წესების მიხედვით ხელმძღვანელობს.
Google Arts & Culture-მ მთელი მსოფლიოს მუზეუმები და გალერეები გააერთიანა. სახლიდან გაუსვლელად ცნობილი მუზეუმების ვირტუალური ტურების მეშვეობით შეგიძლიათ შეისეირნოთ ვან გოგის მუზეუმში ამსტერდამში, გუგენჰაიმის მუზეუმში ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - სეულში.
ვენეციის ყველაზე ცნობილი ოპერის თეატრი, რომელიც არამარტო იტალიის, არამედ მთელი მსოფლიოს ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ფუნქციონირების ახალ რეჟიმზე გადავიდა. "დარჩით სახლში" - ამ სახელწოდებით ღონისძიებების განახლებული კალენდარი, ოპერის ვებგვერდზეა განთავსებული. წარმოდგენებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს ონლაინ რეჟიმში შეუძლია.
გუშინ მილიონობით ესპანელი და არა მხოლოდ, ცნობილი მომღერლის ალეხანდრო სანსის კონცერტს დაესწრო. გაუქმებული საკონცერტო ტურის კვალდაკვალ მუსიკოსმა ამ ფორმით გადაწყვიტა საკუთარი მსმენელის წინაშე გამოსვლა - სტრიმინგით და ყველანაირი დამატებითი დეკორაციის გარეშე.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი