30 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა ეძლევათ

ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინო ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ. 

ამის შესახებ განცხადება უწყების facebook გვერდზეა განთავსებული. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე, მოგზაურებმა სპეციალური მოთხოვნის ფორმა უნდა შეავსონ. 

"მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე [email protected] რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას. 

თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებისთვის. 

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდიდან www.stopcov.ge და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მისამართიდან www.moh.gov.ge   " - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები