30 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
COVID-19 საქართველოში - მთავრობა ქვეყანაში არსებულ წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი COVID19-ით ინფიცირებული ოთხი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, შედარებით მძიმეა ახალი კორონავირუსის მატარებელი 4 პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც მძიმე პნევმონიური ნიშნები აქვთ, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის მქონე 28 პაციენტი რჩება.  

საკარანტინო კლინიკის სტატუსი შეეცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოს. კლინიკა უკვე მწვავე რესპირატორული ნიშნების მქონე პაციენტებს მიიღებს. რესპუბლიკურში ექიმების დაკვირვების ქვეშ 29 პაციენტი იმყოფება. ჯერჯერობით, COVID-19 არც ერთ მათგანთან არ ფიქსირდება. კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან 8 პირის ანალიზის პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

სტაბილურია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კორონავირუსი არ დაუდასტურდა საავადმყოფოში დღეს მოთავსებულ მეორე პაციენტს, რომელიც კლინიკაში დღეს დილით ქუთაისის აეროპორტიდან გადაიყვანეს. 17 ადამიანი იმყოფება ქუთაისის ინფექციურ ცენტრშიც. ექიმების თქმით, მათგან 13-ს ვირუსი არ დაუდასტურდა, ოთხის ტესტის პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან. სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ აღენიშნება საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ COVID 19-ით ინფიცირებულ სამ პაციენტს. 

კორონავირუსთან აქტიურად ბრძოლისთვის, პრემიერ-მინისტრმა დღეს კლინიკური კონტროლის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ჯგუფს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს და მისი მიზანი, კორონავირუსით ინფიცირებულთა კოორდინირებული მკურნალობა იქნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღეს მოქალაქეებს დამატებითი რეკომენდაციებიც მისცეს. არსებულ სიტუაციაში, მთავარი მოწოდება 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეხებათ. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 32 და განკურნებული ერთი პირი ფიქსირდება.

ამ დრომდე კარანტინსა და სტაციონალური დაკვირვების ქვეშ რჩება 691 ადამიანი. თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კი, სამართალდამცველებს 24 საათის განმავლობაში იძულებით კარანტინში 13 პირის გადაყვანა მოუხდათ. 

დღის ამბები